გურამიშვილის გამზირზე დევნილები საკუთრებას მიიღებენ. აღნიშნული ინფორმაცია აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას ლტოლვილთა და განსახლეობის მინისტრმა კობა სუბელიანმა თავად მიაწოდა. მინისტრი გურამიშვილის გამზირზე, საქენერგოს ყოფილ შენობაში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა და როგორც პრივატიზაციის ისე, მათთვის საინტერესო ყველა საკითხებზე ესაუბრა.
აღნიშნულ ობიექტში აფხაზეთიდან დევნილი 129 ოჯახი, 352 ადამიანი ცხოვრობს. 7 სართულიან შენობას გაუკეთდა გადახურვა, მოწესრიგდა კომუნიკაცია და პრივატიზაციის პროცესი უახლოეს მომავალში დასრულდება.
ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა დევნილებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ეს ფართები მათი საკუთრება იქნება და ისინი აქ შიშის გარეშე იცხოვრებენ: „აქ ცხოვრობს აფხაზეთიდან დევნილი 129 ოჯახი. პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე მათ ეს ფართები დაუკანონდებათ და ისინი აქ უკვე შიშის გარეშე იცხოვრებენ".
დევნილებმა მინისტრთან შეხვედრაზე აღნიშნეს, რომ მათი მთავარი თხოვნა ფართების საკუთრებაში გადაცემა იყო და როცა ეს მოხდება, მშვიდად იქნებიან.