დღეს, განათლების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და USAID -ის მისიის დირექტორმა ჯონათან კონლიმ "მოსწავლეთა საინფორმაციო სისტემის" დანერგვისა და განვითარების შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
შაშკინის განმარტებით, "მოსწავლეთა საინფორმაციო სისტემის'' მიზანია, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ფინანსური და ადამიანური რესურსების დაგეგმვაში დაეხმაროს და სამართლიანი წლიური და შუალედური პროექტები განავითაროს. მისივე თქმით, ,,მოსწავლეთა საინფორმაციო სისტემა" განათლების სამინისტროს, მის სააგენტოებსა და საგანმანათლებლო რესურს ცენტრებს შორის ინფორმაციის გაცვლასა ამ ორგანიზაციების ეფექტურად ფუნქციონირებასაც ითვალისწინებს.
"პირველად საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაში საქართველოსა და ამერიკის მთავრობებს შორის გაფორმდა მემორანდუმი, რაც მოსწავლეთა ერთიანი ელექტრონული ბაზის შექმნას ითვალისწინებს. პროგრამის დანერგვა ხელს შეუწყობს მოსწავლეთა ზუსტ აღრიცხვას, თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებას, ეფექტურ მენეჯმენტსა და ელექტრონული ჟურნალების შემოღებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს განათლების სისტემის წინსვლისთვის", - განაცხადა დიმიტრი შაშკინმა
როგორც დღევანდელ შეხვედრაზე აღინიშნა, ,,მოსწავლეთა საინფორმაციო სისტემა" პილოტირებას ოც სკოლაში და ოთხ რესურს-ცენტში გაივლის. ,,მოსწავლეთა საინფორმაციო სისტემის'' პილოტირება 2010 წლის ბოლოს მოხდება. სისტემა ქვეყნის მასშტაბით 2011 წლის ბოლოს გავრცელდება.