13 ნოემბერს 18:00 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში მხატვარ ვლადიმერ (ლადო) ასათიანის პერსონალური გამოფენა გაიმართება. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება მხატვრის მიერ სხვადასხვა დროს შესრულებული 25 ფერწერული ნამუშევარი.
მხატვარ ფერმწერი, ფილოსოფიის დოქტორი ვლადიმერ (ლადო) ასათიანი არაერთი გამოფენის (მათ შორისაა 9 პერსონალური გამოფენა) ავტორია როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.
მხატვარმა 2014 წლის აპრილში ნიუ იორკში (აშშ) ”გლობალ არტის” პროექტის ფარგლებში ”ბროდვეი გალერიში” გამართულ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა. მისი ნამუშევარი ნიუ იორკის ხელოვნების ჟურნალში გამოქვეყნდა. 2014 წლის სექტემბერში ხელოვნების საერთაშორისო სააგენტოს მიწვევით (დიდი ბრიტანეთი) მონაწილეობა მიიღო ხელოვნების საერთაშორისო გამოფენა-ფესტივალში, რომელიც როტერდამში (ჰოლანდია), კათედრალურ ტაძარ ლაურენსკირკში ჩატარდა. 2014 წლის დეკემბერში ”ტრევიზან არტის” მიწვევით ბოლონიაში (იტალია) ”გალერეა დე მარჩში” საერთაშორისო გამოფენა ”რეალობის ილუზიაში” მიიღო მონაწილეობა, სადაც დაჯილდოვდა პრემიით ”პრემიო დე მარჩი”. მისი ნამუშევარი გამოქვეყნდა იტალიურ ”არტ ჟურნალში”.
2015 წლის მარტში ფლორენციაში (იტალია) ვლადიმერ (ლადო) ასათიანს ორიგინალური სტილისტური ძიებებისთვის ”სანდრო ბოტიჩელის ჯილდო” მიენიჭა. მაისში რომში ”რომა იმპერიალეს” საერთაშორისო პრემიით დაჯილდოვდა. მისი ნამუშევარი გამოქვეყნდა ჯურნალ ”ეფეტო არტში”. ოქტომბერში მხატვარმა მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო გამოფენაში ”თანამედროვე სამოთხე”, რომელიც ასევე იტალიაში, ქალაქ პალერმოში გაიმართ. მისი ნამუშევარი გამოქვეყნდა ჟურნალ ”ოვერ არტში”. ვლადიმერ (ლადო) ასათიანის ნამუშევარი, მოკლე ბიოგრაფია და შემოქმედების დახასიათება შევიდა წიგნში ”საუკეთესო ახალი და თანამედროვე მხატვრები”. წიგნის პრეზენტაცია 2015 წლის ნოემბერში ედინბურგში (დიდი ბრიტანეთი) ”დანდას სტრიტ გალერეაში” გაიმართება.
დეკემბერში იტალიის ქალაქ ლეჩეში თანამედროვე ხელოვნებაში შეტანილი შემოქმედებითი და ინტელექტუალური წვლილისთვის კულტურის ასოციაციის აკადემია ”იტალია ინ არტე ნელ მონდო” ვლადიმერ (ლადო) ასათიანს გადასცემს ჯილდოს ლორენცო ბერნინის ”დავითს” და ”ანა ფრანკის” საერთაშორისო ჯილდოს ადამიანის უფლებათა სფეროში. მას ასევე აირჩევენ აკადემიის საპატიო წევრად.
მხატვარი და ფილოსოფოსი ვლადიმერ (ლადო) ასათიანი მუშაობს ხელოვნების თეორიისა და ესთეტიკის დარგში; ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას.