პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით არსებულ კითხვებს პასუხი სასამართლომ უნდა გასცეს.
როგორც ჟურნალისტებს ბესელიამ განუცხადა, ხელისუფლება ძალიან ამაყობს იმ მონაპოვრით, რაც ქვეყანაში თავისუფალი არჩევნებით დაბრუნდა.
მისი თქმით, მმართველმა გუნდმა ორი არჩევნები მაღალ დონეზე ჩაატარა.
„არასამთავრობო ორგანიზაციების შენიშვნა საყურადღებოა, რომლებმაც აქცენტი საგარეჯოზე გააკეთეს. იმედი მაქვს, რომ სასამართლო, სადაც დავა მიმდინარეობს, მაღალ სიმაღლეზე აღმოჩნდება, რათა ყველა კითხვას პასუხი გაეცეს. სულერთი არ არის, როცა ადამიანების შიმშილობას ვხედავ. ეს ადამიანები საზოგადოების აქტიური წევრები არიან და ისინი ჩვენი თანამებრძოლები იყვნენ. ყველა კითხვას პასუხი სასამართლომ უნდა გასცეს“, - განაცხადა ბესელიამ.
მთავრობის კანცელარიასთან, „პატრიოტთა ალიანსის“ წევრები შიმშილობენ, ისინი შუალედურ არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ.