პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტაგ ხმალაძე აცხადებს, რომ „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლომ საკანონმდებლო ორგანოს შუამდგომლობა არ გაითვალისწინა, რაც მათი უფლებაა.
როგორც ჟურნალისტებს ხმალაძემ განუცხადა, პარლამენტმა „რუსთავი 2“-ის სარჩელზე საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის თავმჯდომარის, კონსტანტინე ვარძელაშვილისა და კოლეგიის წევრის, მაია კოპალეიშვილის აცილების მიზნით მიმართა.
მისი თქმით, გუშინ, საკონსტიტუციო სასამართლომ ხანგძლივი ფიქრისა და განხილვის შემდეგ, ორი მოსამართლის აცილების თაობაზე პარლამენტის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
„კიდევ სხვა შუამდგომლობები იყო დაყენებული. კერძოდ, შუამდგომლობა იყო, რომ მოწვეული იყოს სამართლის აღიარებული სპეციალისტი, რაზეც სასამართლომ თქვა, რომ გადაწყვეტილებას მას შემდეგ მიღებს, რაც მხარეებს მოუსმენს. დღეს დილით, 11:00 საათიდან პარლამენტის წარმომადგენლისთვის კითხვების დასმა გაგრძელდება და ამის შემდეგ, სასამართლო შუამდგომლობის დაკმაყოფილების თაობაზე გადაწყვეტილებას მიიღებს. სპეციალისტის თაობაზე ორი დღე ვითხოვეთ, რომ სპეციალისტმა სათანადო მომზადება შეძლოს“, - დასძინა ხმალაძემ.
პარლამენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლების აცილების მიზნით, მიმდინარე კვირის ორშაბათს მიმართა. პარლამენტის იურისტები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული მოსამართლეების ობიექტურობასთან დაკავშირებით, ეჭვები ჩნდება, რადგან ისინი წლების მანძილზე, სხვადასხვა უწყებაში ნიკა გვარამიას მოადგილეები იყვნენ.