საქართველოს სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი, შეხვდა იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატს, გიორგი მდინარაძეს, რომლის მიმართაც, 2015 წლის 8 ნოემბერს, პოლიციელების მიერ ფიზიკური ძალადობა განხორციელდა.
სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, შეხვედრას სახალხო დამცველის მიერ იურიდიული დახმარების საბჭოში წარდგენილი წევრები – ეკა ფოფხაძე და ილია ჭანტურაია, ასევე იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი, მელიტონ ბენიძე, და მისი მოადგილე, ირაკლი შონია, დაესწრნენ.
შეხვედრის მონაწილეებმა კიდევ ერთხელ მკაცრად დაგმეს ადვოკატის მიმართ პოლიციელთა ძალადობის ფაქტი და ხაზი გაუსვეს დროული, სრულყოფილი და ობიექტური გამოძიების საჭიროებას.
სახალხო დამცველის ყურადღებით ადევნებს თვალს მიმდინარე გამოძიებას. ომბუდსმენის წარმომადგენლებმა დაზარალებული ადვოკატი ჯერ კიდევ 8 ნოემბერს, ელიზაბედ ბლექველის ჰოსპიტალში მოინახულეს, სადაც გიორგი მდინარაძეს ტვინის შერყევის დიაგნოზი დაუდგინდა.
გიორგი მდინარაძის მიმართ ფიზიკური ძალადობა ვაკე-საბურთალოს პოლიციის V განყოფილების შენობაში პოლიციის თანამშრომლებმა 8 ნოემბერს, გამთენიისას განახორციელეს. ადვოკატი პოლიციის განყოფილებაში არასრულწლოვანი ბრალდებულის დასაცავად იმყოფებოდა და მას დუმილის უფლებით სარგებლობა ურჩია, რამაც პოლიციელთა სასტიკი აგრესია გამოიწვია.
მომხდართან დაკავშირებით, ამჟამად, თბილისის პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება პოლიციის ცალკეული თანაშრომლების მიერ ადვოკატ გიორგი მდინარაძის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით. გარდა ამისა, 2015 წლის 10 ნოემბრიდან – გამოძიების დასრულებამდე, დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებულია ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-5 განყოფილების უფროსი ლაშა კვირკვაია, რომელიც, პოლიციის რამდენიმე თანამშრომელთან ერთად, უშუალოდ მონაწილეობდა ადვოკატის მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაში.
ადვოკატის მიმართ ფიზიკური ძალადობის ფაქტს, სახალხო დამცველის გარდა, აქიურად გამოეხმაურნენ ადვოკატთა ასოციაციის, იურიდიული დახმარების საბჭოს, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. მომხდართან დაკავშირებით, 10 ნოემბერს, დაზარალებული ადვოკატი შინაგან საქმეთა მინისტრმა და მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ მიიღეს.