ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარე ირაკლი ჩიქოვანი მმართველ გუნდს მოუწოდებს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან დაკავშირებულ საქმეს, ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურიო ინტეგრაციას ნუ გადააყოლებს.
როგორც დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ჩიქოვანმა განაცხადა, ამ საკითხთან დაკავშირებით, საჭიროა - მეტი განმარტებები, მეტი სიფრთხილე და სახელმწიფო ინტერესების დაცვა.
მისი თქმით, ყველა ის განცხადება, რომელიც საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ბოლო პერიოდში გავრცელდა, მათ უპრეცედენტო უკმაყოფილებაზე მიანიშნებს.
„ხელისუფლებამ არსებულ სიტუაციაზე შესაბამისი ადეკვატური რეაგირება ვერ გააკეთა, რაც მას მედიის თავისუფლების თვალსაზრისით უდგას. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს განცხადებები მტრული სახელწიფოების გაცხადებები არ არის, ამ განცხადებებს იმ სახელმწიფოების წარმომადგენლები აკეთებენ, რომლებმაც საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან აბსოლუტურად ყველაფერი გააკეთეს, რომ ჩვენი იდენტობა და ჩვენი სახელმწიფოებრიობა შეგვენარჩუნებინა“, - განაცხადა ჩიქოვანმა.