საქართველოს პირველი ლედის სანდრა ელისაბედ რულოვსის ინიხციატივით, გასულ წელს ქართველი ჟურნალისტებისთვის 2008 წლის აგვისტოს ტრაგიკული მოვლენების დროს გორში დაღუპული ჰოლანდიელი ჟურნალისტის სტან სტორიმანსის სახელობის სტიპენდია დაწესდა. ამ ინიციატივით პირველ ლედის სურს პატივი მიაგოს სტან სტორიმანსის ხსოვნას და ამასთანავე ქართველ ჟურნალისტებს ნიდერლანდების სამეფოში უმაღლესი განათლების მიღებისა და პროფესიული გადამზადების შესაძლებლობა მისცეს.
წელს ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებსა და 25 წლამდე ახალგაზრდა ქართველ ჟურნალისტებს საშუალება ეძლევთ, რომ ივნისის ბოლოს ნიდერლანდების სამეფოს ქალაქ მიდელბურგში რუზველტის აკადემიის საზაფხულო სკოლაში გაიარონ ერთკვირიანი სასწავლო კურსი "საგამოძიებო ჟურნალისტიკა: სიმართლის მიღმა სიმართლის ძიება", რის შედეგადაც ისინი საგამოძიებო ჟურნალისტიკის საფუძვლებს დაეუფლებიან და თეორიულ ცოდნას მიიღებენ.
საინფორმაციო ვებ-გვერდი www.storimansscholarship.ge. რომელიც საგანგებოდ ამ პროგრამისთვის შეიქმნა, კანდიდატებს ამომწურავ ინფორმაციას მიაწოდებს სტიპენდიის ფარგლებში შემოთავაზებული სასწავლო კურსის შესახებ. მისი საშუალებით კანდიდატები გაეცნობიან შერჩევისთვის საჭირო საბუთების ჩამონათვალს და სასწავლო დაწესებულების მოთხოვნებს.
მსურველებმა უნდა გაიარონ ვებ-გვერდზე რეგისტრაცია და შეავსონ შესაბამისი სააპლიკაციო ფორმა. სააპლიკაციო ფორმისა და ყველა აუცილებელი საბუთის მიღება ვებ-გვერდზე ონლაინ რეჟიმში 24 მაისამდე იწარმოებს.
მომავალ წელს სტან სტორიმანსის სტიპენდიის ფარგლებში ქართველ ჟურნალისტებას კვლავ ექნებათ შესაძლებლობა, რომ ნიდერლანდების სამეფოში პროფესიული გადამზადების კურსები გაიარონ და უმაღლესი განათლება მიიღონ.