პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი საქართველოში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ანსამბლეის მიგრაციის, იძულებით გადაადგილებულთა და დევნილთა კომიტეტის გასვლითი სხდომის მოწვევას მიესალმება.
როგორც ბიუროს დღევანდელ სხდომაზე, ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარის, ირაკლი ჩიქოვანის საპასუხოდ უსუფაშვილმა განაცხადა, ბოლო ორი წლის მანძილზე, საქართველოში ევროსაბჭოს საპარლამენტო ანსამბლეის ეგიდით ღონისძიებები არ იმართებოდა, რადგან ქვეყანა დასჯილი იყო.
მისი ცნობით, ევროსაბჭოს სანქციები საქართველოში რუსეთის დუმის იმ წარმომადგენლების არშეშვებას უკავშირდება, რომლებსაც „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონი ჰქონდათ დარღვეული.
„ეს ადამიანები ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცენტრალური ხელისუფლების ნებართვის გარეშე იმყოფებოდნენ. ამ თემაზე სერიოზული მსჯელობა გვქონდა, ჩვენს პოზიციას ყველა ჩვენი ევროპელი მეგობარი იზიარებდა და ისინი ამბობდნენ, რომ საქმის არსიდან გამომდინარე, არანაირი სანქციის ღირსი არ ვიყავით, მაგრამ ევროსაბჭოს რეგლამენტიდან გამომდინარე და მეორეს მხრივ, ქვეყნები იღებენ ვალდებულებას, რომ მათი ქვეყნების წარმომადგენლები, პარლამენტის წევრები დაუბრკოლებლად შეუშვან ქვეყნის ტერიტორიებზე. ეს იყო კოლიზია - შიდა კანონმდებლობასა და საერთაშორისო ორგანიზაციის წესდებას შორის და მაშინ, ამაზე შეგნებულად წავედით და ვთქვით, რომ არაუშავს, თქვენს ღონისძიებაში მონაწილეობას სხვაგან მივიღებთ, მაგრამ ამ პრინციპს არ დავთმობთ-თქო. ამ პრინციპს ყველა გაგებით მოეკიდა და ყველა მოუთმენლად ელოდნენ იმას, როდის ამოიწურებოდა ეს დრო“, - განაცხადა უსუფაშვილმა.
პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, ჩიქოვანმა საქართველოში აღნიშნული კომიტეტის გასვლითი სხდომის მოწვევა მოითხოვა, რაზეც მან ქართველი დეპუტატებისგან თანხმობა მიიღო.