11-12 მაისს, 09:00 საათზე, სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი აშშ-ის ჯანმრთელობის დეპარტამენტთან ერთად ატარებს სამუშაო შეხვედრას თემაზე: "საზოგადოებრივი ჯანმრთელობის, უშიშროებისა და სამართალდამცავი ორგანოების პარტნიორობა ბიოლოგიური დანაშაულების წინააღმდეგ მზადყოფნისა და რეაგირების საქმეში".
შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, გაეროს, ინტერპოლის, აშშ გამოძიების ფედერალური ბიუროს, აშშ დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების, NATO -ს, საქართველოს იმ სამინისტროების წარმომადგენლები, რომლებიც საგანგებო სიტუაციების მართვისა და რეაგირების საქმეში არიან ჩართული. განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა რეგიონალურ კოორდინაციას სამხრეთ კავკასიისა და შავი ზღვის აუზის ქვეყნებს შორის.
მონაწილეთა შორის არიან ჯანდაცვისა და სამართალდამცავი სისტემების წარმომადგენლები საქართველოდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ყაზახეთიდან, მოლდავეთიდან, რუმინეთიდან, ომანიდან, აშშ-იდან, შვეიცარიიდან, და ა. შ.. შეხვედრას დაესწრებიან საქართველოს მთავრობის წევრები.
შეხვედრა მიზნად ისახავს: საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტებისა და სამართალდამცავების თანამშრომლობის ხელშეწყობას ბიოლოგიური დანაშაულების გამოძიების საქმეში და ნაციონალურ და რეგიონულ დონეზე დაგეგმვისა და რეაგირების გაუმჯობესებას; ბიოლოგიური დანაშაულების ადრეულ სტადიებზე ინფორმაციის ურთიერთგაცვლის მნიშვნელობის ხაზგასმას, შესაძლო ეპიდაფეთქებების კონტროლისათვის; ჯანმრთელობის საერთაშორისო წესების, ბიოლოგიური იარაღის კონვენციისა და გაეროს რეზოლუცია 1540-ის მიხედვით ბიოლოგიური დანაშაულების დეტექციის, თავიდან აცილებისა და რეაგირების გაუმჯობესებისათვის არსებული საკანონმდებლო და ნორმატიული დოკუმენტების გადახედვას.
ღონისძიება ტარდება აშშ თავდაცვის სამინისტროს საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) მხარდაჭერით.