დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და კომპანია "ნეოტექის" დირექტორი იგორ ფარჯიანი თბილისის 117-ე საჯარო სკოლას ეწვივნენ. კომპანია "ნეოტექმა" 117-ე საჯარო სკოლაში უსასყიდლოდ დაამონტაჟა 16 ვიდეოსამეთვალყურეო კამერა, მათ შორის, ორი სკოლის გარე პერიმეტრზე.
117-ე საჯარო სკოლაში "უსაფრთხო სკოლის" პროგრამას ფარგლებში მანდატურები პილოტირებას გადიან. მინისტრი და კომპანია "ნეოტექის" ხელმძღვანელი ვიდეოკამერების ფუნქციონირებას და ახალი პროექტის მიმდინარეობას სკოლაში პირადად გაეცნენ.
დიმიტრი შაშკინის განცხადებით ძალზე მნიშვნელოვანია რეფორმის განხორციელებაში წარმატებული კომპანიების მხარდაჭერა. მისი თქმით, ვიდეოსამეთვალყურეო ტექნიკა, რომელიც "ნეოტექმა" 117-ე საჯარო სკოლაში დაამონტაჟა საერთაშორისო სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს, რაც იმის გარანტიაა, რომ სკოლაში ბავშვები მუდმივად იქნებიან უფროსების ყურადღების ცენტრში და დაცული იქნება მათი უსაფრთხოება.
"უსაფრთხო სკოლა ნიშნავს უსაფრთხო მომავალ თაობას. სწორედ ამიტომ კომპანია "ნეოტექი" მიესალმება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ამ პროგრამის განხორციელებას", - განაცხადა იგორ ფარჯიანმა.