დღეს, 10 მაისს, საქართველოს ეროვნული მუზეუმი, თბილისის ისტორიის მუზეუმი, წარმოგიდგენთ იური მეჩითოვის გამოფენას, სახელწოდებით: "წამებად ქცეული წლები".
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება იური მეჩითოვის შემოქმედება დასაწყისიდან დღემდე: პორტრეტები, ხედები, სოციალური და სარეკლამო ფოტო, ქალაქები და ქვეყნები: თბილისი, სოხუმი, ესპანეთი, სომხეთი, ამერიკა, პარიზი, პროექტები: სერგო გარაჯანოვი, ფიროსმანი, ,,სამოსის ქვეშ" და წიგნი ,,სერგო ფარაჯანოვი, დიალოგის ქრონიკა". გამოფენა განთავსდება ორ დარბაზში. პირველში წარმოდგენილი იქნება ყველა ის ფოტოსერია, რომელიც წამყვან როლს ასრულებს ფოტოხელოვანის შემოქმედებით ბიოგრაფიაში, ხოლო მეორე დარბაზი დაეთმობა ფილმებისა და ფოტოების რეტროსპექტივას, რომლებიც მისი ბიოგრაფიის ადრეულ ხანაში შეიქმნა.
ხელოვნებასთან მისი ურთიერთობა ფილმის შექმნით დაიწყო, რომელიც მარკ პოლიაკოვთან ერთად გადაიღო. სწორედ მაშინ მიიპყრო სერგო ფარაჯანოვის ყურადღება და ამ პერიოდიდან მოყოლებული, ფარაჯანოვის შემოქმედებაც განუყრელად ასოცირდება იური მეჩითოვის ხელოვნებასთან.
იური მეჩითოვის ფოტოგრაფია იმდენად თავისუფალია დროსა თუ სივრცეში, რომ რთულია დამთვალიერებელმა აღიქვას ის, როგორც მხოლოდ ისტორიის ნაწილი. ამასთანავე, სამუზეუმო სივრცეში მისი ფართო საზოგადოებისთვის წარდგენა ისტორიისა და ფოტოხელოვნების კავშირზე მიუთითებს. როგორც თავად ხელოვანი წერს: ,,ხშირად ფოტო საშინელ ფაციფუცსა და ფუსფუსში იქმნება, მაგრამ შემდეგ მას არავითარი კავშირი აღარ აქვს ამ ხმაურთან. ჩემთვის ფოტოგრაფია შეჩერებული წამი კი არა, არამედ მართკუთხედით შემოფარგლული დროის უსასრულობაა. იღებ წამს და მარადიულობა ფიქსირდება, საოცრებაა...".
იური მეჩითოვის მხატვრული ფოტოგრაფია თავისუფლად შეიძლება ჩაითვალოს ეპოქის ერთ-ერთ ყველაზე დამახასიათებელ და განსაკუთრებულ თავისებურებად. ის თითქოსდა ათწლეულების მანძილზე ითვისებს და შემდეგ თავისი განუმეორებელი ინდივიდუალიზმით გადმოსცემს იმას, რაც კულტურის და ყოფის ორგანული ნაწილია. ყოველივე ეს და კიდევ მისი ბუნებრივად მომადლებული არტისტიზმი გამოარჩევს მის პიროვნებას.
გამოფენა ეძღვნება იური მეჩითოვის იუბილეს _ დაბადებიდან 60 წლისთავს.