ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის დროს პრესტიჟულ გალა დაჯილდოებაზე „კინო მშვიდობისთვის" წელს 2 ქართული ფილმი იქნება წარმოდგენილი - ზაზა ურუშაძის „მანდარინები" ნომინაციაში ყველაზე ღირებული ფილმი (Cinema for Peace Award for The Most Valuable Movie of the Year) და გიორგი ოვაშვილის „სიმინდის კუნძული", როგორც საუკეთესო საერთაშორისო მწვანე ფილმი. (The International Green Film Award).
ჯილდო „კინო მშვიდობისთვის" (http://www.cinemaforpeace.com/) 2002 წელს დაფუძნდა და მისი მიზანია ჰუმანიზმის ხაზგასმა კინოთი. ის მიიჩნევა ძალიან პრესტიჟულ გალა დაჯილდოებად მსოფლიოში და ბერლინის გარდა კანსა და ლოს ანჟელესში იმართება ხოლმე.
ბერლინალეს კოპროდუქციის ბაზრობაზე 3 საუკეთესო პროექტს შორის მოხვდა ნანა ექვთიმიშვილის „ჩემი ბედნიერი ოჯახი" - რეჟისორს საშუალება ექნება გამართოს პიჩინგი და შეხვდეს საერთაშორისო პროდიუსერებს მომავალი დაფინანსების მოსაპოვებლად. ქართული პროექტი კოპროდუქციის მარკეტზე ბერლინში პირველად მოხვდა.
ტალანტ კამპუსზე მიწვეულები არიან რეჟისორები დეა კულუმბეგაშვილი და შორენა თევზაძე.
ეროვნული კინოცენტრი ბერლინალეს ბაზრობაზე
Eeuropean Film Market
ეროვნული კინოცენტრი ბერლინის 65-ე საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში ორგანიზებულ ევროპული კინოს ბაზრობაზე (EFM) 2015 წელს მეათედ წარდგება. (Marriott # 119, Inge-Beisheim-Platz 1 Berlin 10785 Germany)
კინობაზრობაზე გაიხსნება საქართველოს სტენდი, სადაც ამომწურავი ინფორმაცია მიეწოდება ფესტივალისა და ბაზრობის სტუმრებს და კინოპროფესიონალებს ქართული კინოს დღევანდელი მდგომარეობის შესახებ, ასევე ახალი ქართული ფილმების და განვითარების სტრატეგიის შესახებ. საქართველოს სტენდზე გაიმართება შეხვედრები ეროვნული კინოცენტრის პარტნიორებთან და საერთაშორისო კოლეგებთან.
სტენდზე იმუშავებენ: ეროვნული კინოცენტრის დირექტორი - ნანა ჯანელიძე, მისი მოადგილე - გიორგი ხაბაშვილი და დისტრიბუციისა და ექსპორტის დეპარტამენტის უფროსი - დავით ვაშაძე.
სტენდზე წარმოდგენილი იქნება ახალი ქართული ფილმების კატალოგი, ეროვნული კინოცენტრის საინფორმაციო ბროშურები, ახალი ქართული ფილმების ტრეილერების დისკი, მოკლემეტრაჟიანი ქართლი ფილმების დისკი, საქართველოში გადაღებების წარმოების შესახებ ინფორმაცია.
ბერლინალეს ფარგლებში 10 თებერვალს, 17 საათზე ქართულ სტენდთან გაიმართება წვეულება, Happy Hour - რომელსაც კინოცენტრის პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან.
ისტორია
ბერლინალეს ისტორიის მანძილზე, ფესტივალზე სულ 15-მდე ქართულ ფილმს მიუღია მონაწილეობა. პირველად, 1986 წელს გიორგი შენგელაიას „ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა" იყო მთავარი საკონკურსო პროგრამის მონაწილე და ვერცხლის დათვიც მოიპოვა. შემდეგ 1992 წელს მიხეილ კალატოზიშვილის „რჩეული", 1993 წელს კი თემურ ბაბლუანის „უძინართა მზე", რომელიც ასევე საუკეთესო რეჟისურისთვის ვერცხლის დათვით დაჯილდოვდა. ელდარ შენგელაიას "ცისფერი მთების” პირველი საერთაშორისო ჩვენება 1986 წელს სწორედ ბერლინის კინოფესტივალის პროგრამა "პანორამაში” შედგა.
ქართული კინოს უახლეს ისტორიაში კი ბერლინალეს სახელს უკავშირდება და 2013/2014 წლებში სწორედ ამ ფესტივალის მნიშვნელოვან სექციებში - „ფორუმი" და „პანორამა" შედგა თანამედროვე ქართული ფილმების პრემიერები: ნანა ექვთიმიშვილის და სიმონ გროსის „გრძელი ნათელი დღეები", ზაზა რუსაძის „ჩემი საბნის ნაკეცი", თინათინ ყაჯრიშვილის „პატარძლები" და ლევან კოღუაშვილის „შემთხვევითი პაემნები".