ქართველ ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების 65-ე წლისთავი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ და დედაქალაქის მერმა გიგი უგულავამ მიულოცეს.
ბაქრაძე და უგულავა ვაკის პარკში დაახლოებით ერთი საათის წინ მივიდნენ. მათ უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკეს.
"დღევანდელ დღეს მთელი მსოფლიო აღნიშნავს, როგორც ბოროტებაზე გამარჯვების დღეს და სიმბოლოს. მნიშვნელოვანია, რომ საქართველო არის იმ ქვეყნებში, რომლებმაც ძალიან დიდი წვლილი შეიტანეს ბოროტებაზე გამარჯვებაში და ფაშიზმთან ბრძოლაში. ამიტომაც, ვულოცავ ამ დღეს ყველა ვეტერანს და ჩვენს საზოგაოდებას", - განაცხადა ბაქრაძემ.
ვაკის პარკში იმყოფებოდნენ მთავრობის და საკანონმდებლო ორგანოს სხვა სხვა წარმომადგენლებიც.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 9 მაისს ფაშიზმზე გამარჯვების 65-ე წლისთავი აღინიშნება.
არსებული მონაცემებით, დღეისთვის საქართველოში მეორე მსოფლიო ომის 6 ათასამდე ვეტერანი და 12 ათასამდე მათათთან გათანაბრებული პირი ცხოვრობს.