ამის უკან დგას ხელისუფლება - სწორედ ხელისუფლების ინტერესში შედის, რომ ეს კადრები სისტემატურად ვრცელდებოდეს, - განაცხადა "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ აბაშიძემ პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ამსახველი ვიდეოკადრების გავრცელების შესახებ.
"ძალიან მძიმე წარსული აქვს "ნაციონალურ მოძრაობას". გვინდა არ გვინდა მასთან ასოცირდება ეს ყველაფერი. ძალიან რთულია შექმნილი სიტუაცია თვითონ მოქალაქეებისთვის, ამიტომ არ შეიძლება ამ კადრების გავრცელება. მე მგონი არავის ეჭვი არ ეპარება იმაში, რომ ამის უკან დგას ხელისუფლება - სწორედ ხელისუფლების ინტერესში შედის, რომ ეს კადრები სისტემატურად ვრცელდებოდეს. ამას თვითონ პრემიერ-მინისტრი არ უარყოფს. ეს არის ჩვენთვის მიუღებელი და ის უნდა დასრულდეს", - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
აბაშიძემ აღნიშნა, რომ მთავრობა არა "წარსულში ქექვით", არამედ იმ პრობლემების მოგვარებით იყოს დაკავებული, რომელიც მოსახლეობას აწუხებს.