ფაშიზმზე გამარჯვების 65-ე წლისთავის აღსანიშნავად მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ქართველი ვეტერანები ვაკის პარკში უკვე შეიკრიბნენ.
ვეტერანებმა უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკეს. ომში დაღუპულთა სულების მოსახსენიებლად მამა გიორგი არევაძემ ადგილზევე აღასრულა პანაშვიდი.
ვაკის პარკში მისვლა დაიწყეს ქართველმა პოლიტიკოსებმაც. ვეტერანებს გამარჯვების დღე "ალიანსი საქართველოსთვის" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ თანაგუნდელებთან ერთად მიულოცა.
"აქ მოვედით იმისთვის, რომ ვეტერანებს ჩვენი პატივისცემა დავუდასტუროთ. მათ სჭირდებათ დიდი თანადგომა, ზრუნვა და 9 მაისი სწორედ ის დღეა, როცა ჩვენ მათ ამ თანადგომას ვუდასტურებთ", - განუცხადა ალასამიამ ჟურნალისტებს.
ამ წუთებში ვაკის პარკში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძისა და დედაქალაქის მერის გიგი უგულავას მისვლას ელოდებიან.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 9 მაისს ფაშიზმზე გამარჯვების 65-ე წლისთავი აღინიშნება.
არსებული მონაცემებით, დღეისთვის საქართველოში მეორე მსოფლიო ომის 6 ათასამდე ვეტერანი და 12 ათასამდე მათათთან გათანაბრებული პირი ცხოვრობს.