საპროკურორო საბჭოს დებულება მიღებულია. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, კოლეგიური ორგანო იუსტიციის სამინისტროსთან იმუშავებს და მას საბჭოს თავმჯდომარე − იუსტიციის მინისტრი უხელმძღვანელებს. საპროკურორო საბჭოს მიზანი საქართველოს პროკურატურის დამოუკიდებლობისა და გამჭვირვალობის, აგრეთვე, მისი ეფექტიანი მუშაობის უზრუნველყოფაა.
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, საპროკურორო საბჭოს სხდომა ექვს თვეში ერთხელ გაიმართება საბჭოს თავმჯდომარის მოწვევით ან საბჭოს წევრთა 1/3-ის მოთხოვნით. წევრების გარდა, სხდომას სათათბირო ხმის უფლებით ესწრება მთავარი პროკურორი, გარდა იმ შემთხვევისა, თუ "პროკურატურის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი წესით განიხილება მისი თანამდებობიდან ვადამდე გათავისუფლების ან მის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის საკითხი. საჭიროების შემთხვევაში, სხდომაზე შეიძლება მიიწვიონ საბჭოს არაწევრი პირებიც.
საპროკურორო საბჭო გადაწყვეტილებებს ხმათა უმრავლესობითა და ხმათა 2/3-ით იღებს. ხმის უმრავლესობაა საჭირო გადაწყვეტილების მისაღებად ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: საგანგებო პროკურორის დანიშვნა; მთავარი პროკურორის/მთავარი პროკურორის მოადგილის ანგარიშის მოსმენა; საგანგებო პროკურორის შუამდგომლობით მთავარი პროკურორის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ დასაბუთებული ვარაუდის არსებობის თაობაზე საგანგებო პროკურორისათვის დასკვნის მომზადების ვადის არაუმეტეს 2 თვით გაგრძელება.
იუსტიციის სამინისტროს ცნობით, საპროკურორო საბჭოს წევრთა 2/3-ის თანხმობა სჭირდება მთავარი პროკურორის კანდიდატურის დამტკიცებას; მთავარი პროკურორის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ დასაბუთებული ვარაუდის არსებობის თაობაზე საგანგებო პროკურორის დასკვნის დამტკიცებასა და უარყოფას; მთავარი პროკურორის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხზე მომხსენებლის არჩევას, მთავარი პროკურორისა და მისი მოადგილეების მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების განხორციელებას; საქართველოს პროკურორთა კონფერენციის მიერ არჩეული საპროკურორო საბჭოს წევრების მიმართ დისციპლინური სახდელის გამოყენების საკითხის გადაწყვეტას.
"საპროკურორო საბჭოს სხდომა დახურულია, თუმცა, მისი საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით ხდება სხდომის აუდიოჩაწერა, საჭიროების შემთხვევაში კი, საბჭომ შეიძლება სხდომის ვიდეოჩაწერის გადაწყვეტილებაც მიიღოს. ჩანაწერები დაინტერესებული პირებისათვის ხელმისაწვდომია. სხდომაზე განსახილველი საკითხის სპეციფიკისა და მის მიმართ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის შემთხვევაში საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარეს შეუძლია, მიიღოს გადაწყვეტილება და სხდომა გახსნილად გამოაცხადოს.
საპროკურორო საბჭოს მიერ მიღებული განკარგულებები და რეკომენდაციები, აგრეთვე, საბჭოს სხდომის ოქმები, საპროკურორო საბჭოს ვებგვერდზე ქვეყნდება"-აცხადებენ იუსტიციის სამინისტროში.
საპროკურორო საბჭოს სამდივნოს იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაცია (დეპარტამენტი) წარმოადგენს.