მედიის თავისუფლება, რა თქმა უნდა, ფუნდამენტური პრინციპია, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობასთან ერთად, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი აცხადებს.
საქართველოს თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე მან ასევე განაცხადა, რომ მომწიფებულ დემოკრატიულ გარემოში ხელისუფლება და ოპოზიცია ერთად მუშაობს ქვეყნის წინაშე მდგარი ამოცანების გადასაწყვეტად.
"რაც შეეხება მედიის თავისუფლებას, ნატო, რა თქმა უნდა, ყურადღებით აკვირდება ერთი მხრივ სამხედრო რეფორმებს, მეორე მხრივ, დემოკრატიულ და პოლიტიკურ რეფორმებს. ეს გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ნატო-ს წევრობისთვის იღწვიან. მედიის თავისუფლება, რა თქმა უნდა, ფუნდამენტური პრინციპია, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობასთან ერთად. მომწიფებულ დემოკრატიულ გარემოში ხელისუფლება და ოპოზიცია ერთად მუშაობს ქვეყნის წინაშე მდგარი ამოცანების გადასაწყვეტად და ხელისუფლების ყველა შტო თანამშრომლობს ამ მიმართულებით. მე დარწმუნებული ვარ, ეს პრინციპები მნიშვნელოვანია საქართველოსთვის",- განაცხადა აპატურაიმ.