როდესაც არავინ ისჯება კონკრეტული დანაშაულისთვის, ეს სტიმულს აძლევს ახალ დანაშაულს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს სახალხო დამცველმა, უჩა ნანუაშვილმა წამების კადრების გავრცელებასტან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების გამოძიებიდან დამაკმაყოფილებელი შედეგი არ არის მიღებული, რაც შესაძლოა, ხელს უწყობდეს ახალი დანაშაულის შემცველი მასალების გავრცელებას.
"ჩვენ განცხადება უკვე გავაკეთეთ, რომ აუცილებელია გამოძიების დაწყება უშუალოდ ამ კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით, ისევე როგორც იმ ძალადობის შემცველი და წამების ფაქტებთან დაკავშირებით, რომელსაც ადგილი ჰქონდა წლების წინ. ეს გამოძიება უნდა იყოს ეფექტური. ფაქტია, რომ გამოძიება გრძელდება წლების განმავლობაში, თუმცა დამაკმაყოფილებელი შედეგები არ არის მიღებული კონკრეტულ ფაქტებთან დაკავშირებით, ეს სწორედაც ხელს უწყობს მსგავსი პროცესების განვითარებას", - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა და დასძინა, რომ როდესაც არავინ ისჯება კონკრეტული დანაშაულისთვის, შესაძლოა, ეს სტიმულს აძლევს ახალ დანაშაულს.