რუსთავი 2-ის ადვოკატი ზაზა ბიბილაშვილი აცხადებს, რომ მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი გაყალბებულია.
ხვალინდელ სასამართლო პროცესზე, სავარაუდოდ, ქიბარ ხალვაშის ადვოკატები საქმეში ერთადერთ მოწმეს, ექსპერტს დაკითხავენ, რომელთან დაკავშირებითაც ტელეკომპანიის იურისტებს კითხვები აქვთ.
"როგორ შეიძლება დასკვნა, რომელიც 2005 წელს არის გაცემული შეიცავდეს ცნობას იმის შესახებ, რომ მისი გამცემი ამ კომპანიაში 2006 წლამდე მუშაობდა. ის პირი, რომელიც ამ დასკვნას აწერს ხელს გაუგებარია ვინ არის, რა ინფორმაციას ეყრდნობა. მოსამართლე ურთმელიძემაც კი ვერ გაბედა მისი დაკითხვა. რომ არა ის ცნობილი ყადაღა, რომელიც 30 სექტემბერს მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ დაადო შ.პ.ს. საქართველოს წილებს, დღეს რუსთავი 2-ს მიღებული ექნებოდა 700 ათასი ამერიკულ დოლარი, ძმებ ყარამანიშვილებს წილის საფასურის სახით მიღებული ექნებოდათ 400 ათასი დოლარი. ამ ოდენობის თანხა დღეის მდგომარეობით შესაბამის პირებს მიადგათ ზარალის სახით და ის უნდა დაიდოს შესაბამის ანგარიშზე,"- განაცხადა ადვოკატმა ზაზა ბიბილაშვილმა.
რაც შეეხება ხალვაშის ადვოკატს, პაატა სალია მიიჩნევს, რომ თუ არსებობს რაიმე ზიანი, ეს მათი არამართლზომიერების სედეგად არის გამოწვეული.
"არ ვიცი ხვალ ექსპერტის დაკითხვა რამდენად მოესწრება, თუმცა სავარაუდოდ ამის შესაძლებლობა დღის ბოლოსკენ იქნება. თავად ყარამანიშვილებმა და რუსთავი 2-მა ხელი შეუწყვეს იმას, რომ თუ რაიმე ზიანი შეიძლება არსებობდეს, ეს ზიანი მათი არამართლზომიერების შედეგად არის გამოწვეული, ანუ არღვევდნენ კომპანიის წესდებით გათვალისწინებულ პირობებს, არღვევდნენ სასამართლო აკრძალვებს,"- განაცხადა ადვოკატმა პაატა სალიამ.
ამ წუთებში, ტელეკომპანიის საქმესთან დაკავშირებით, ,,ამბასადორში” 20-მდე არასამთავრობო ორგანიზაცია ხალვაშის ადვოკატთან ერთად მსჯელობს. ისინი დიპლომატიური კორპუსისითვის სპეციალურ მიმართვას შეიმუშავებენ.