ფრაქცია „რესპუბლიკელების“ თავმჯდომარის მოადგილის, თამარ კორძაიას მოსაზრებით, უმრავლესობამ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან კონსულტაციები უნდა გამართოს.
როგორც „ჯი-ეჩ-ენ“-ს კორძაიამ განუცხადა, ის უმრავლესობის სახელით ვერ ისაუბრებს, მაგრამ ფიქრობს, რომ ყველა ფორმატში მოლაპარაკებები მისაღებია, რადგან ეს დემოკრატიის განუყოფელი ნაწილია.
„ადამიანებმა კონსულტაციები უნდა აწარმოონ და ერთმანეთს აზრი უნდა გაუცვალონ ნებისმიერ მტკივნეულ თუ უმტკივნეულო საკითხზე. ვიღაც თვლის, რომ კონსტიტუციურ წესრიგს პრობლემა აქვს და ვიღაც თვლის, რომ ეს ასე არ არის. დიახ, ამ საკითხზე უნდა ვისაუბროთ და მხარეებმა ერთმანეთს უნდა აუხსნან, რატომ თვლიან, რომ ან აქვს, ან არ აქვს“, - განაცხადა კორძაიამ.
მიიღებს თუ არა მმართველი გუნდი პრეზიდენტის შეთავაზებას კონსულტაციების გამართვასთან დაკავშირებით, დღეს გაირკვევა.