პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან კონსულტაციების გამართვის თაობაზე მმართველი გუნდი დღეს იმსჯელებს.
როგორც „ჯი-ეჩ-ენ“-ს ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ განუცხადა, უმრავლესობას პრეზიდენტის შეთავაზებაზე ჯერჯერობით არ უმსჯელია.
მისი თქმით, დღეს, უმრავლესობის სხდომა 18:00 საათზეა ჩანიშნული, მანამდე ფრაქცია „ქართული ოცნების“ სხდომა გაიმართება, სადაც ამ საკითხზე ჩამოყალიბდებიან.
„ყველა შესაძლო საშუალება უნდა იქნეს გამოყენებული, რომ შექმნილ ვითარებაში ზედმეტი დაძაბულობა მოხსნილი იქნეს. ხელი უნდა შევუწყოთ სასამართლოს მხრიდან დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღებას, რათა ყველას უფლებები დაცული იქნეს“, - განაცხადა ხუნდაძემ.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი კონსულტაციების გამართვის მიზნით, პარტიებთან მოლაპარაკებებს მართავს.