ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის, "თბილისი 2015"-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე ალექსი ახვლედიანი ირწმუნება, რომ 24 აგვისტოს შემდეგ არც ერთ სახელმწიფო სტრუქტურაში არ ყოფილა.
რაც შეეხება მთავრობასა და ნიკა გვარამიას შორის შუამავლობას, იგი აცხადებს, რომ არც მესინჯერია და არც შუამავალი, თუმცა ადასტურებს, რომ იგი ოთხშაბათს, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ოფისში, არხის გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას შეხვდა.
"მე უახლოესი ორი კვირა არ ვიმყოფებოდი საქართველოში. გუშინწინ გვიან ღამით დავბრუნდი. გუშინვე უნდა შევხვედროდი ნიკას და ეს იყო ჩვეულებრივი, მეგობრული დაგეგმილი შეხვედრა იქიდან გამომდინარე, რომ ის ჩემი ერთ-ერთი უახლოესი მეგობარია. ის მართლაც იმყოფება ასეთ სიტუაციაში და მე არასდროს ვტოვებ ჩემს მეგობრებს. აქედან გამომდინარე, ჩამოვფრინდი თუ არა, დაახლოებით ღამის 01:00 საათზე დავუკავშირდი ნიკას. მიპასუხა, რომ მას მთელი ღამის განმავლობაში ჰქონდა თათბირები და მეორე დღეს შევხვედროდით. მეორე დღეს, ანუ გუშინ, შესვენების პერიოდში მას დავუკავშირდი და ვადასტურებ, შეხვედრა მოხდა "რუსთავი 2"-ის ოფისში, სადაც ძალიან ხშირად ჩვენ ერთმანეთს შევხვედრივართ და გვისაუბრია. ძალიან ბევრი კითხვა მაქვს მე თვითონაც. სამწუხაროდ ამ მცირე დროის ინტერვალში ვერ შევძელი, რომ ნიკას შევხვედროდი. ჩემი დევიზია ყველა კითხვაზე ყოველთვის პასუხი იყოს გაცემული. როგორც კი დაკითხვას მოვრჩები და ნიკა გვარამიას შევხვდები, გიპასუხებთ აუცილებლად. ყველა კითხვაზე იქნება პასუხი გაცემული", - განაცხადა გუშინ ალექსი ახვლედიანმა.
მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრს, ბოლოს 24 აგვისტოს შეხვდა.
,,პრემიერ-მინისტრს, ბოლოს 24 აგვისტოს შევხვდი, სადაც გადავუხადე მადლობა იმ თანადგომისთვის, რაც მან გამოიჩინა, რომ ჩვენ მივიღეთ უმაღლესი შეფასება ფესტივალის ჩატარებაზე. ასევე მან გადამიხადა მადლობა როგორც მე, ისევე მთელს ჩემს კოლექტივს. ჩვენ დავემშვიდობეთ. ამის შემდგომ არამც თუ ირაკლი ღარიბაშვილთან, არც ერთ სახელმწიფო სტრუქტურაში არ ვყოფილვარ", - განაცხადა ალექსი ახვლედიანმა.
პროკურატურის ინფორმაციით, ნიკა გვარამიას ხელისუფლებისგანმესიჯი საქართველოში ევროპის
ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი "თბილისი - 2015"-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე ალექსი ახვლედიანმა გადასცა. აღნიშნულთან დაკავშირებით პროკურატურა განცხადება გუშინ გაავრცელა.
"2015 წლის 21 ოქტომბერს ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის დირექტორის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში მოწმის სახით დაიკითხა ნიკა გვარამია, რომელმაც დაკითხვისას აჩვენა, რომ მეგობარი, რომელიც მას შეხვდა არის ალექსი ახვლედიანი, საქართველოში ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი "თბილისი - 2015"-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე. საქართველოს პროკურატურა ალექსი ახვლედიანს დღესვე დაიბარებს დაკითხვის მიზნით.
პროკურატურის მიერ მოწმე ნ.გავარამიას მიეცა წინადადება, რომ მისი და მისი ოჯახის მიმართ გამოყენებულიყო დაცვის სპეციალური ღონისძიებები, რაზეც მან უარი განაცხადა", - აღნიშნულია განცხადებაში.