წმიდა სინოდმა წმიდათა დასში აღადგინა V ს-ის დიდი ქართველი სასულიერო მოღვაწე და ფილოსოფოსი პეტრე იბერი. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" საქართველოს საპატრიაქოდან აცნობეს.
პერე იბერი (411 - 491) ქართველი თეოლოგი და ფილოსოფოსი, ქრისტიანული ნეოპლატონიზმის ფუძემდებელი და თვალსაჩინო წარმომადგენელი. ერისკაცობაში მურვანი (სირიული წყაროებით - ნაბარნუგი), იყო იბერიის მეფის ბუზმარის შვილი, ბაკურ დიდის შვილიშვილი.
მის აღმზრდელად კოლხეთიდან მოუწვევიათ ცნობილი ქართველი ფილოსოფოსი მითრიდატე ლაზი. მურვანი ამალითურთ 423 წელს ბიზანტიის კეისრის თეოდოსიუს II-ის მოთხოვნით მძევლად წარგზავნეს კონსტანტინოპოლს. აქ ქართველ უფლისწულის სწავლა-აღზრდის საქმეს მითრიდატე ლაზთან ერთად ხელმძღვანელობდა კეისრის მეუღლე დედოფალი ევდოკია. მურვანს ბავშვობიდანვე დიდი ნიჭი გამოუჩენია და ბრწყინვალე განათლება მიუღია, შეუთვისებია „ყოველივე სწავლულება, საეკლესიო და საფილოსოფოსო" (ქართლის ცხოვრება).
ცნობების თანახმად, მურვანი ბიზანტიაში უსმენდა გამოჩენილ სწავლულებსა და ფილოსოფოსებს. მისი ბიოგრაფის ზაქარია ქართველის გადმოცემით, უფლისწულს თავისი განსწავლულობით, ბერძნულის ცოდნითა და გონებამახვილობით განცვიფრებაში მოჰყავდა მეფე და სასახლის ფილოსოფოსები.
იერუსალიმში ყოფნის დროს მას შესანიშნავად აუთვისებია სირიული ენა და მწერლობა. სამშობლოდან მოწყვეტილ მურვანს არ აკმაყოფილებს იმპერატორის სასახლე, მისი მონოფიზიტური იდეოლოგია, გაბატონებული წრეების ცხოვრების წესი, რის გამოც იგი რამდენიმე ქართველთან ერთად გაიპარა სასახლიდან და პალესტინაში გადასახლდა. მათ შორის მითრიდატე ლაზისა და ზაქარია ქართველის ყოფნა წყაროებითაა დადასტურებული.
იერუსალიმში მურვანი და მითრიდატე აღიკვეცნენ ბერებად, გამოიცვალეს სახელები (მურვანი - პეტრე, ხოლო მითრიდატე - იოანე). 445 წელს ისინი აკურთხეს მღვდლებად. მათ შემოიარეს ახლო და შუა აღმოსავლეთის მრავალი ქვეყანა, დამკვიდრდნენ მაიუმში ქ. ღაზის მაზლობლად, სადაც ფილოსოფიურ-იდეოლოგიურ მოღვაწეობას ეწეოდნენ.
პეტრე იბერი გახდა ერთ-ერთი უსაჩინოესი წარმომადგენელი V საუკუნის II ნახევრის ფილოსოფიურ-თეოლოგიური აზროვნებისა. 452 პეტრე იბერი მაიუმის ეპისკოპოსად დანიშნეს. ზაქარია რიტორი მას „მსოფლიოში განსაცვიფრებლად სახელგანთქმულ ადამიანს" უწოდებდა, იოანე რუფუსი კი - „ჩვენს პავლეს", „მეორე მოციქულ პავლეს" და „მეორე მოსეს", ხოლო ზაქარია ქართველის გამოთქმით, „იგი იყო მშვენება და დიდება საქართველოსი და მცველი მთელი ქვეყნისა".
პეტრე იბერმა ააშენა ქართველთა მონასტერი და შექმნა სკოლა, რომლის ბირთვს სირიაში მყოფი ქართველები შეადგენდნენ. სკოლაში იყვნენ არაქართველებიც: ბერძნები, სირიელები და სხვა. არსებობს მოსაზრება, რომ ამ სკოლაში სწავლამიღებული ქართველები VI საუკუნეში სამშობლოში დაბრუნდნენ, რაც ქართულ ისტოგრაფიაში ასურელ მამათა მოსვლის სახელითაა ცნობილი.
პეტრე იბერი ავტორია დიდმნიშვნელოვანი წიგნებისა, თუმცა მისი სახელით ჩვენამდე ეს წიგნები არ არის მოღწეული. პეტრე იბერის ბიოგრაფიების მიერ მოწოდებული ცნობების საფუძველზე შ. ნუცუბიძემ და ე. ჰონიგმანმა იგი აღიარეს არეოპაგიტიკის ავტორად.