საქართველოს საპატრიარქოში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მეთაურობით შედგა წმიდა სინოდის მორიგი სხდომა გაიმართა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საქართველოს საპატრიარქოდან აცნობეს, 7 მაისს გამართულ სხდომაზე წმიდა სინოდმა იმსჯელა სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძრის 1000 წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებათა შესახებ, რომელიც 14 ოქტომბრისთვის უნდა გაიმართოს. გადაწყდა, რომ საქართველოს კეთილდღეობისთვის 14 ოქტომბრამდე ამ უპირველეს საკათედრო ტაძარში ყოველდღიურად აღევლინოს სამღვდელმთავრო წირვები ამა თუ იმ ეპარქიის მმართველის, ამ ეპარქიის სამღვდელოებისა და მრევლის მონაწილეობით.
წმიდა სინოდზე ასევე იმსჯელეს იმ სერიოზულ პრობლემებზე, რომელთა წინაშეც დღეს ჩვენი საზოგადოება დგას.
წმიდა სინოდზე აღინიშნა, რომ ქვეყანას ყველაზე დიდ საშიშროებას უქმნის ტერიტორიული მთლიანობის დაკარგვა, ერის ერთიანობის დარღვევის მცდელობები, ნარკოტიკების გავრცელება, ურწმუნოების, უზნეობისა და პათოლოგიური გარყვნილების პროპაგანდა.
აღინიშნა, რომ ყოველივე ამის დამკვეთნი და შემსრულებელნი საეკლესიო კანონმდებლობით თვითონ უწესებენ თავის თავს უმძიმეს სასჯელს, _ შეჩვენებას.
"ეკლესია ქრისტეს მისტიური სხეულია, რომელიც მოწოდებულია ნებისმიერი ადამიანის ცოდვათაგან მოქცევისა და ცხონებისათვის, ამიტომაც ჩვენი ვალია, კიდევ ერთხელ გავაფრთხილოთ ისინი და მოვუხმოთ სინანულისკენ", _ ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
როგორც საპატრიაქრო აღნიშნავს, წმიდა სინოდმა, კათოლიკოს-პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლედან გამომდინარე, სთხოვა ხელისუფლებას, მეტი ყურადღება მიაქციოს მოსახლეობის დასაქმებას, სოციალურ საკითხებს, პატიმართა უფლებების დაცვას.
ამასთან, ეკლესია გამოთქვამს მზადყოფნას, მთავრობის თანხმობის შემთხვევაში, აღნიშნულ პრობლემათა გადაწყვეტაში მიიღოს აქტიური მონაწილეობა.
"ვინაიდან ეკლესია არის ერის გამაერთიანებელი ერთ-ერთი უმთავრესი ძალა, წმიდა სინოდმა თხოვნით მიმართა ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომ პატრიარქის და ეკლესიის ავტორიტეტი არ გამოიყენონ საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისათვის", - აღინიშნა წმინდა სინოდის სხდომაზე.
წმიდა სინოდმა წმიდათა დასში აღადგინა V ს-ის დიდი ქართველი სასულიერო მოღვაწე და ფილოსოფოსი პეტრე იბერი.
წმიდა სინოდმა სტეფანწმინდისა და ხევის ეპარქიაში მოღვაწე არქიმანდრიტი იაკობი (იაკობიშვილი) გამოირჩია და დაადგინა ცურტაველ ეპისკოპოსად და ქორეპისკოპოსად.
მისი ხელდასხმა შესრულდება ა.წ. 9 მაისს, კვირას, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში.