საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური იმედოვნებს, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს შესაბამისი უწყებები აცნობებენ, რომ რუსთავი 2-ის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებში, მთავრობის მხრიდან არანაირი ჩარევა არ ხდება.
,,ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება. ჩვენ, რა თქმა უნდა, მას შევისწავლით, მაგრამ სახელმწიფო დეპარტამენტს ალბათ, შესაბამისი უწყებები აცნობებენ, რომ მთავრობის მხრიდან არანაირი ჩარევა არ ხდება. თქვენ მუშაობთ და ხელს არავინ გიშლით და არც არავინ არ შეგიშლით, რადგან ჩვენი მთავრობის პრიორიტეტია, რომ მედია იყოს თავისუფალი. კერძო პირებს შორის დავისთვის საქართველოში არსებობს დამოუკიდებელი სასამართლო და სწორედ დამოუკიდებელი სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას. კერძო პირების დავაში სახელმწიფო ვერანაირად ვერ ჩაერევა”, - განაცხადა მინისტრმა.
შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი "რუსთავი 2- ის გარშემო განვითარებულმოვლენებს ყურადღებით აკვირდება, - ამის შესახებ უწყების ოფიციალური წარმომადგენელი ჯონ კირბი აცხადებს.
მას ჟურნალისტმა დაუსვა კითხვა, თუ რას ფიქრობს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი "რუსთავი 2"-ის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე.
"ჩვენ ამის შესახებ აქამდეც გვისაუბრია. ჩვენი პოზიცია მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით კვლავ უცვლელი რჩება. ჩვენ ამ პროცესებს ყურადღებით ვაკვირდებით", - აღნიშნა ჯონ კირბიმ.