ჩოლოყაშვილის ქუჩაზე ზვიად ძიძიგურის სახლთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, თბილისის მერმა განცხადება გაავრცელა.
"ჩემთვის შემაშფოთებელია მერობის ერთ-ერთი კანდიდატისა და მისი მხარდამჭერების მხრიდან ნაციონალური მოძრაობის აქტივისტებზე თავდასხმის ფაქტი, რასაც, სამწუხაროდ, ძალადობრივი კონფრონტაცია მოჰყვა. საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში მსგავს ძალადობას ადგილი არ უნდა ჰქონდეს. მოვუწოდებ ყველა პარტიასა და მათ მხარდამჭერებს, თავიანთი საარჩევნო საქმიანობა მშვიდი, განსხვავებული მოსაზრებების მიმართ შემწყნარებლური მიდგომით, დამოუკიდებლობითა და კანონის პატივისცემით აწარმოონ. ახლა საქართველოს დემოკრატიის ისტორიაში მნიშვნელოვანი მომენტია, ამიტომ თითოეული ჩვენგანი ვალდებულია, აჩვენოს, რომ საქართველო ღირსეულად უმკლავდება ამ გამოწვევას", _ ნათქვამია უგულავას განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ წუხელ ზვიად ძიძიგურის სახლთან ინციდენტი მოხდა. თვითმხილველების განცხადებით, ძიძიგურმა ნაციონალური მოძრაობის რამდენიმე აქტივისტს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა.