გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი გოგა ხაჩიძე კახეთის რეგიონს ეწვია და სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის პრობლემებს ადგილზე გაეცნო.
ხაჩიძე ყვარელის რაიონის სოფლებში, ენისელსა და საცხენისში, მდინარეებზე დაგეგმილი ნაპირსამაგრი სამუშაოს დაწყებამდე ვითარებას წინასწარ გაეცნო.
"ფინანსები იმდენი არაა, რომ ყველა ასეთი პრობლემა ერთდროულად მოგვარდეს. ვცდილობთ, პრიორიტეტები განვსაზღვროთ. ნაპირსამაგრ სამუშაოს იქ გავაკეთებთ, სადაც მოსახლეობას საფრთხე ემუქრება." - განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ საცხენისში ადიდებულმა მდინარე შორისხევმა მოსახლეობის საცხოვრებელი სახლები დაანგრია. საფრთხე ემუქრება დარჩენილ საცხოვრებელ სახლებს. ხაჩიძის განცხადებით, 350 მეტრი სიგრძის მონაკვეთზე უახლოეს მომავალში აღდგენითი სამუშაო დაიწყება - გაიწმინდება კალაპოტი და მოეწყობა გაბიონის დამცავი კედელი, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 200 ათას ლარზე მეტი დაიხარჯება. სოფელ ენისელში კი მდინარე ინწობის ნაკადმა დაანგრია სოფლის გზა და საგრძნობლად დააზიანა საავტომობილო ხიდის მარცხენა საყრდენი. მინისტრის განცხადებით, მდინარის 800-მეტრიანი კალაპოტი გაიწმინდება და 150 მეტრის სიგრძეზე გაბინოს დამცავი კედელი მოეწყობა. საავტომობილო ხიდის მარცხენა ნაწილში ბეტონის კედელი აშენდება. აღნიშნული სამუშაოსთვის ბიუჯეტიდან 100 ათას ლარამდე დაიხარჯება
გარემოს დაცვის მინისტრის განცხადებით, ნაპირსამაგრი სამუშაო ყვარელში ახლო მომავალში დაიწყება და წლის ბოლომდე დასრულდება.