NDI-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ლორა თორნტონი პოლიტიკურ პარტიებს ურჩევს, მომავალი ერთი წლის განმავლობაში ამომრჩეველი ეკონომიკასა და დასაქმებაზე საუბრით გადაიბირონ.
მისი თქმით, ყველაზე მთავარი მიგნება ანგარიშში იყო ის, რომ საქართველოს მოსახლეობის უდიდეს ნაწილს არ აქვს გადაწყვეტილი თავისი პოლიტიკური სიმპათიები.
თითქმის 60 პროცენტი ამბობს, რომ არ იცის რომელ პარტიას მისცემდა ხმას ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს. რაც შეეხება მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელსაც აქვს ჩამოყალიბებული პოლიტიკური აზრი, ის თანაბრადაა გადანაწილებული "ქართულ ოცნებასა" და "ნაციონალურ მოძრაობაზე". ასე რომ, პარტიები მომავალი ერთი წლის განმავლობაში უნდა შეეცადონ, მაქსიმალურად თავის მხარეს გადაიბირონ გადაუწყვეტელი ამომრჩევლები და ამას უნდა მიაღწიონ მხოლოდ დასაქმებასა და ეკონომიკაზე საუბრით, რადგან ეს არის საკითხები, რომელიც მოსახლეობას მართლაც ყველაზე მეტად ადარდებს", - აღნიშნა თორნტონმა.
მისი თქმით, მოსახლეობის უმეტესობა ქვეყნის საგარეო პოლიტიკასაც ეკონომიკური სარგებლით განიხილავს და არა პოლიტიკური.
"ოდნავი კლება შეინიშნება ევროკავშირის მხარდაჭერაში და მოსახლეობა განიხილავს ორივე კავშირის - ევრაზიისა და ევროკავშირის სარგებელს. ეს სარგებელი კი მთლიანად არის ეკონომიკური და არ არის პოლიტიკური. 12 %-მა რესპონდენტებისა ისიც კი განაცხადა, რომ ორივეს დაუჭერდა მხარს – როგორც ევროკავშირს, ისე ევრაზიულ კავშირს. ჩვენ ასევე შევნიშნეთ, რომ ოდნავ არის დაკლებული იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც ევროატლანტიკური კავშირისგან რეალურ სარგებელს ხედავენ და ოდნავ გაზრდილია ადამიანების რაოდენობა, რომლებიც ამბობენ, რომ საქართველოსთვის უფრო სასარგებლო იქნება ევროპული კურსის დათმობის სანაცვლოდ რუსეთთან უკეთესი კურსის ჩამოყალიბება. თუკი ვინმეს სურს, რომ ეს სიტუაცია შეცვალონ, მათ უნდა ისაუბრონ იმ ეკონომიკურ სარგებელზე, რაც შესაძლოა ევროპულ კურსს ჰქონდეს, რათა მოსახლეობამ შეცვალოს თავისი აზრი", - აღნიშნა NDI-ის ხელმძღვანელმა საქართველოში.