,,ნაციონალურ მოძრაობაში” მიიჩნევენ, რომ პირადი ცხოვრებისა და წამების კადრების გავრცელება უბრალო დამთხვევა არ არის. გოკა გაბაშვილის შეფასებით, ხელისუფლებამ იცის რომ მისი საქმე წასულია და შეგნებულად ატვირთეს ეს კადრები.
,,ეს არანაირი დამთხვევა არ არის - ხელისუფლებამ იცის რომ მისი საქმე წასულია და შეგნებულად ატვირთეს ეს კადრები. პოლიტიკურ წრეებში დიდი ხანია არის საუბარი, რომ ეს კადრები უნდა გამოქვეყნდეს . ეს ამაზრზენი დანაშაულია და მისი ყველა მონაწილე უნდა იყოს დასჯილი. სამწუხაროა, რომ ბედუკაძე და ციხის კადრებში მონაწილე ადამიანები, ამ კადრებში მონაწილე პირებიც კი არ დაისაჯნენ - ზოგს ბრალიც კი არ წარუდგინეს, ზოგიერთი გაათავისუფლეს კიდეც. ყველა უნდა იყოს დასჯილი ვინც ამაში მონაწილეობდა”, - განაცხადა გაბაშვილმა.
შეგახსენებთ, 17 ოქტომბერს ინტერნეტში წამებისა და გაუპატიურების კადრები გავრცელდა. ვიდეომასალა უკრაინულ წყაროზე დაყრდნობით, რამდენიმე ქართულმა გამოცემამ გაავრცელა. მათივე ინფორმაციით, კადრები წინა ხელისუფლების დროს არის გადაღებული. შსს-მ სამეგრელოს საიდუმლო სამალავებში აღმოჩენილი მასალის ნაწილი ჟურნალისტებს, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გააცნო, რის შემდეგაც აღმოჩენილი მასალები საჯაროდ გაანადგურეს.