ხელისუფლების წარმომადგენლები, თავიანთი ბელადის ხელმძღვანელობით, მთელი ამ წლების განმავლობაში, ამაოდ ცდილობდნენ რუსეთის მიერ ჩადენილი დანაშაული საქართველოსთვის გადაებრალებინათ, - აცხადებს ილია ჭავჭავაძის საზოგადოების თავმდომარე თამარ ჩხეიძე.
“რუსეთუმეები, მათ შორის ქოცთა ხელისუფლების წარმომადგენლები, თავიანთი ბელადის ხელმძღვანელობით, მთელი ამ წლების განმავლობაში, ამაოდ ცდილობდნენ რუსეთის მიერ ჩადენილი დანაშაული საქართველოსთვის გადაებრალებინათ. ეს დანაშაულებრივი ნონსენსი - აგრესიის და ოკუპაციის მსხვერპლის დადანაშაულება და აგრესორის დანაშაულის გამართლება, მტრის მსახურების და საკუთარი ქვეყნის ღალატის განსაკუთრებით ამაზრზენი შემთხვევაა”, - აცხადებს ჩხეიძე.
იგი აღნიშნავს, რომ სააკაშვილთან ბრძოლის მუქარით ქვეყნის ინტერესები ზიანდებოდა, რადგან რუსეთი შემოიჭრა საქართველოში და საქართველო მხოლოდ თავს იცავდა,
“ისინი, რაც არ უნდა აბსურდულად არ უნდა გამოიყურებოდეს ეს, ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალით პირიქით აქეთ იმუქრებოდნენ და აქაოდა ვითომ სააკაშვილს ვებრძვითო, სინამდვილეში თავიანთ ქვეყანას აყენებდნენ ზიანს და ჩვენი მიწების მტრის მიერ მიტაცების ლეგალიზაციას ცდილობდნენ. მიუხედავად მათი ამ მცდელობებისა, მათ ვერ შეძლეს თავდაყირა დაეყენებინათ უმარტივესი ჭეშმარიტება: - რუსეთი შემოიჭრა საქართველოში, რუსეთმა მიიტაცა ჩვენი მიწები, საქართველო ( ამ შემთხვევაში არა აქვს მნიშვნელლობა ვინ იყო მაშინ ხელისუფალი) მხოლოდ თავს იცავდა, რუსეთმა მოახდინა ეთნოწმენდა. პუტინის და ქართველი მოღალატეების მცდელობა ტალიავინის დასკვნის ერთ წარუმატებელ ფრაზაში აისახა, მაშინ როცა მთელ დასკვნაში და მოყვანილ ფაქტებში ზემოხსენებული მარტივი ჭეშმარიტება სინამდვილეში კარგად ჩანს.ახლა, რაც ჰააგის სასამართლოს პროკურორმა განაცხადა, აშკარას ხდის, რომ საქართველოსთვის ძალიან კარგი შესაძლებლობა იქმნება სათანადოდ იქნეს შეფასებული საქართველოს მიმართ რუსეთის მიერ ჩადენილი დანაშაული. მან განაცხადა, რომ ქართულმა მხარემ ამისთვის უნდა იაქტიუროს და სათანადო მასალები მიაწოდოს სასამართლოს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს ხელისუფლება ამას გააკეთებს? ჰააგის პროკურორი უფრო მონდომებულია, რათა იურიდიული შეფასება მიეცეს ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულს, ვიდრე ჩვენი - რუსეთის ინტერესების დამცველი ხელისუფლება. მაგრამ მაინც, რადგანაც მსოფლიოში პუტინს და მის მსახურებს სერიოზული ძალები უპირისპირდება, იმედის საფუძველი არსებობს, რომ ეს შანსი ჩვენი ქვეყნისთვის არ დაიკარგოს”, - ამბობს თამარ ჩხეიძე.