„ვინც კონსტიტუციურ ჩარჩოებს გასცდება, იმას ხელ-ფეხებიც მოემტვრევა და კბილებიც ჩაემტვრევა თუნდაც ჰუმანური კანონით“, - ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, „ნაციონალური მოძრაობის“ მისამართით ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა, ნუკრი ქანთარიამ განაცხადა.
ქანთარიას თქმით, „დღეს, იმედის” დამრბევი, 7 ნოემბრის გმირები და „ჯალათების პარტია“ მედია თავისუფლებაზე საუბრობენ.
„თქვენი ქმდებები იმის მსგავსია, მგლებმა დეკლარაცია რომ დაწერეს, ცხვრების უფლებებს უნდა გავუფრთხილდეთო. თქვენი მიზანია, როგორმე ჭეშმარიტება შეინიღბოს და ხელისუფლებაში მოსვლისთვის სიტუაცია შეამზადოთ. ფრაზები ისმის - არალეგიტიმური არჩევნები, სამოქალაო ომი, დაპირისპირება და ქუჩებში შევხვდებითო. ჩვენი ამომრჩეველი ჩვენზე ძალიან განაწყენებულია, რომ თქვენ არა მხოლოდ პოლიტიკაში დარჩენის უფლება მოგეცით, არამედ მუქარანარევი და ძალადობის შემცველ განცხადებებამდე მიგიყვანეთ. ჩვენ ასე რომ არ მოვქცეულიყავით, დაგუბებული შურისძიება არცერთ ხეს არ დატოვებდა, რომ რომელიმე ჩამოკიდებული არ ყოფილიყო და ეს ცუდი იქნებოდა. ჩვენ მაღლა კანონი დავაყენეთ და ეს სამართლიანი იყო“, - განაცხადა ქანთარიამ.
კანონმდებელის შეფასებით, ნაციონალები საკუთარ საქმიანობას არ იშლიან და „ჯალათი ბოსების“ კარნახით ისევ სიბნელისკენ მიისწრაფვიან.
„პოლიციაზე ამბავი ატეხეთ, რომ კრიმინალი გაიზარდაო. ილუზიის შექმნა გინდოდათ, რაც ჩაგიფლავდათ და საზოგადოება არ აგყვათ. თქვენი მიზანია, როგორმე ივანიშვილი ზღაპრის ბოროტ, მდიდარ კაცად აქციოთ და საქართველო უმადურობის ტალღამ მოიცვას. რაც ამ კაცს აშენებული აქვს, იმდენი თქვენ მთლიანად არ ხართ. გირჩევთ, პოლიტიკურ ველში იყავით და ყოველ ხესთან მიდით, ილოცეთ, რომ ზედმეტი ფოთოლი არ ჩამოვარდეს და თქვენ არ დაგბრალდეთ. ჩვენ საზოგადოებას თქვენგან წართმეული არჩევანი დავუბრუნეთ და მათ ამ არჩევანს ვერავინ ვეღარ წაართმევს. ვინც ამას გააკეთებს და კონსტიტუციურ ჩარჩოს გასცდება, იმას ხელები-ფეხებიც მოემტვრება და კბილებიც ჩაემტვრევა თუნდაც ყველაზე ჰუმანური კანონით“, - მიმართა ნაციონალებს ქანთარიამ.