პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე ვანო კიღურაძე ირწმუნება, რომ ხელისუფლებას ტელეკომპანია - „რუსთავი 2“-ის დახურვა განზრახული არ აქვს.
როგორც დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, პოლიტიკური დებატებისას კიღურაძემ განაცხადა, უმცირესობის მიერ მომზადებული განცხადების პროექტი დამყარებული არ არის მედია საშუალებებთან დაკავშირებული მოვლენების შეფასებაზე, არამედ იქ გამოთქმულია დაუსაბუთებელი ეჭვები.
მისივე თქმით, ის „რუსთავი 2“-ის მიმართ სიმპატიით განწყობილი არ არის.
„ჩემი ანტიპატიის მიუხედავად, თუკი ვინმე მის დაჩაგვრას შეეცდება, მის დასაცავად ხმას ავიმაღლებ. საქართველოში მედია ისეთი თავისუფალი არასოდეს ყოფილა, როგორც დღესაა. თქვენ თქვენ პარტიულ ტელევიზიას იცავთ და ეს თქვენი პირადი საქმეა. ტრიბუნიდან გიგა ბოკერია მოგვიწოდებდა, რომ „ენაზე კბილების დაჭერა მოგიწევთო“, შემდეგ გივი თარგამაძე გვეუბნებოდა - „ნაძირლებო, სულს ამოგხდითო“, ჩვენ კი, ოპოზიციის მიმართ მსგავს შეფასებებს არ ვაკეთებთ. თინა ბოკუჩავამ გვითხრა, თქვენ საბჭოთა კავშირის დროს ხართ დაბადებული და არ იცით, სიტყვის თავისუფლებაო. ასეთი მშვენიერი გოგონები არქიფო სეთურის კარზე ასინეთას როლებში არ მემეტება“, - მიმართა ბოკუჩავას კიღურაძემ.
კანონმდებელი მიიჩნევს, რომ „რუსთავი 2“ სიტყვის თავისუფლებას არ ემსახურება.
„ამბობთ, „რუსთავი 2“ სიმართლეს ლაპარაკობსო და ცოტა ხომ უნდა დაფიქრდეთ? ეს ტელევიზია ადამიანებს როდის გამოესარჩლა? - მაშინ, როცა აკადემიებს უმოწყალოდ ანგრევდით? - ამას გარდა, ფატი ხალვაშის მიმართ უტაქტოდ საუბროთ. განა, მამაკაცს ასეთი საუბარი ეკადრება, როგორც გვარამია ლაპარაკობს? - მან თქვა, მეზობლების გარდა, ხალვაშს არავინ იცნობდაო და მას ვინ იცნობდა, ან თავი როგორ გაგვაცნო? თქვენ „იმედზე“ ისაუბრეთ და თქვით, რომ შეცდომა დავუშვითო, მაგრამ ის ყველაფერი დანაშაული იყო. „ბადრის რაო“ იძახდით და ეს ხომ სამარცხვინოა საქართველოსთვის, რომელსაც ებრაელებთან ძმობა აკავშირებს?“, - მიმართა უმცირესობას კიღურაძემ.