„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, აკაკი მინაშვილის განცხადებით, ქართულმა მხარემ ყველა ბერკეტი უნდა გამოიყენოს იმისათვის, რომ 2008 წლის აგრესიასთან დაკავშირებით, რუსეთის მიმართ საერთაშორისო ზეწოლა განხორციელდეს.
როგორც „ჯი-ეჩ-ენს“ მინაშვილმა განუცხადა, საქართველოს მოთხოვნა იყო, რომ ჰააგის სასამართლოს ასეთი ტიპის გამოძიება დაეწყო.
მისი თქმით, აგვისტოს აგრესიის შემდეგ, საქართველოს ხელისუფლებამ გამოძიება დაიწყო და ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა - ეთნიკურ წმენდასა და სამხედრო დანაშაულს ქართველი სამშვიდოების წინააღმდეგ.
„2008 წლიდან 2012 წლამდე, ბევრი მასალა იქნა შეგროვებული. შემდეგ რა მოხდა, არ ვიცი. ყველა ბერკეტი უნდა გამოვიყენოთ იმისათვის, რომ რუსეთის წინააღმდეგ ზეწოლა განხორციელდეს. კარგი ფაქტია, რომ ჰააგაში გამოძიება იწყება და იმედი მაქვს, რომ ხელისუფლება თანამშრომლობას გააგრძელებს, რადგან ეთნიკური წმენდა და აგრესია რუსეთმა განახორციელა“, - აცხადებს მინაშვილი.
კანონმდებელის განცხადებით, ძალიან სამწუხაროა, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ ბევრი მტკიცებულება განადგურებული იქნა.
„ბევრ მტკიცებულებაზე, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებობს, საერთაშორისო ორგანიზაციებს ხელმისაწვდომობა არ აქვთ და დარწმუნებული ვარ, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჰააგის წარმომადგენლებს არავინ არ დაუშვებს“, - დასძინა მინაშვილმა.
2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით, ჰააგის სასამართლო გამოძიებას იწყებს. საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი ფატუ ბენსუდა თბილისში უკვე ჩამოფრინდა.