ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ ჰააგის სასამართლოს მიერ საქართველოს ოკუპირებულობის თემა გამყარდება.
როგორც მან აღნიშნული თემის შეფასებისას განაცხადა, ჰააგის პროცესის განახლება არის კიდევ ერთი შესაძლებლობა, რომ საქართველომ წარადგინოს იმ უპრეცედენტოდ მასშტაბური გამოძიების შედეგები, რომელიც ჩაატარა. თუმცა მისივე თქმით, სამწუხაროდ გამოძიება ოკუპირებულ რეგიონებში ვერ მოხერხდა.
,,ჰააგის სასამართლო ალბათ კიდევ უფრო გაამყარებს იმას, რომ საქართველო ოკუპირებულია, მოხდა ეთნიკური წმენდა, რის შედეგადაც 400 ათასამდე იძულებით გადაადგილებული პირია დღეს საქართველოში. 2008 წლის შემდეგ ძალიან დიდი რაოდენობა დაემატა ამ სამწუხარო რიცხვს, რეალურობა ამ სიტუაციაში არის ერთმნიშვნელოვანი და ეს არის ის, რომ საქართველოს ტერიტორიების ანექსირება მოხდა და რუსეთმა ამ შედეგით ისარგებლა და გაზარდა თავისი სამხედრო წარმომადგენლობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ჩვენ ვიქნებით მაქსიმალურად გამჭვირვალე და ვითანამშრომლებთ", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.