თბილისის მერი დავით ნარმანია ევროპის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა. დედაქალაქის მერიაში გამართულ შეხვედრაზე, მხარეებმა მიმდინარე პროექტებსა და სამომავლოდ, კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობის გეგმებზე ისაუბრეს. ბანკის დელეგაცია საქართველოში ,,თბილისის აბრეშუმის გზის'' ფორუმში მონაწილეობის მისაღებად ჩამოვიდა.
განსახილველ საკითხებს შორის იყო - დედაქალაქის მდგრადი განვითარება, მუნიციპალური ტრანსპორტის გაუმჯობესება და განათლება. ამასთან, ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, ლასლო ბარანაიმ მდინარე ვერეს გრძელვადიანი, უსაფრთხო მართვის პროექტის განხორციელებაში დედაქალაქის მერს მხარდაჭერა აღუთქვა.
„ევროპის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენლებთან სამომავლო, ურთიერთთანამშრომლობის გეგმებზე ვისაუბრეთ. აღსანიშნავია, რომ საინვესტიციო ბანკი სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენაში გვეხმარება. ამავდროულად, საუბარი მდინარე ვერეს გრძელვადიანი, უსაფრთხო მართვის პროექტის განხორციელებასაც შეეხო, რაზეც, ევროპის საინვესტიციო ბანკი მხარდაჭერას გვპირდება. მოხარული ვარ, რომ ბანკის წარმომადგენლობამ, რამდენიმე თვის წინ, ოფისი თბილისშიც გახსნა. ეს ხელს შეუწყობს ერთობლივ პროექტებსა და პროგრამებზე, კიდევ უფრო ინტენსიურ რეჟიმში მუშაობას “, - განაცხადა თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ.