დღეს, 7 მაისს, მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" ლიდერი ზურაბ ნოღაიდელი მორიგი ვიზიტით მოსკოვში გაემგზავრა.
რუსეთის დედაქალაქში ნოღაიდელის სტუმრობა რამდენიმე დღე გაგრძელდება. ამ ვიზიტის დღის წესრიგის ცალკეული დეტალები მოგვიანებით, ზურაბ ნოღაიდელის მოსკოვში ჩასვლის პირველ დღეს გახდება ცნობილი. თუმცა, ამჟამად უკვე გარკვეულია, რომ ოპოზიციონერი ქართველი პოლიტიკოსი მოლაპარაკებებს გამართავს "ედინაია როსიას" ხელმძღვანელებთან.
როგორც ნოღაიდელმა ჟურნალისტებს განუცხადა, საუბრის თემა რუს პოლიტიკოსებთან წინა ვიზიტების დროს დაწყებული მნიშვნელოვანი საკითხების განხილვის გაგრძელება იქნება.
"იმედი მაქვს, რომ ამ ვიზიტის შედეგად და შემდეგ, უკვე მაისის თვეში, მიიღება გადაწყვეტილებები ორ ქვეყანას შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლის აღდგენის შესახებ, ამასთან, ქართული პროდუქციის ნაწილი მაინც დაბრუნდება რუსეთის ბაზარზე. ვიმედოვნებ, რომ კოდორის ხეობასა და ახალგორის რაიონში ჩვენი დევნილების დაბრუნების საკითხის გადაწყვეტაშიც წინ წავიწევთ. ამ რეგიონებში ქართველების მიმოსვლა დღესაც არის, მაგრამ ჩვენ გვინდა, რომ პროცესმა შეუქცევადი ხასიათი მიიღოს. ეს ხელს შეუწყობს კონფლიქტების მოსაგვარებლად და საქართველოს გასაერთიანებლად შემდგომი ნაბიჯების გადადგმას", _ აცხადებს ზურაბ ნოღაიდელი.