პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, ზურაბ ტყემალაძის განცხადებით, „პანორამა თბილისის“ პროექტს „მავანი და მავანი“ ეწინააღმდეგება.
მედიის წარმომადგენლებთან საუბარში ტყემალაძემ არ დააკონკრეტა, „მავანში“ ვის გულისხმობდა, თუმცა, მან ყურადღება პროექტის მნიშვნელობაზე გაამახვილა.
„მავანი და მავანი იძახის, რომ „პანორამა თბილისი“ არ უნდა იყოსო. გულახდილად რომ გითხრათ, ეს პროექტი ბოლომდე შესწავლილი მეც არ მაქვს. ეს პროექტი შესწავლილი სპეციალისტებს აქვთ, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ეს პროექტი მისაღებია. მათი აზრი უნდა გავითვალისწინოთ. თქვენ რომელიმემ იცით, რა პროექტია და რა მიშვნელობა აქვს? - მე ექსპერტებსა და სპეციალისტებზე დაყრდნობით ვსაუბრობ“, - განაცხადა ტყემალაძემ.
„ჯი-ეჩ-ენი“ დაინტერესდა, პროექტს მხარს თავად ტყემალაძე რატომ უჭერს და ამის მიზეზი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი ხომ არ არის.
„ძალიან გთხოვთ, რომ ამგვარი სახელის ხსენებას ყველამ თავი დაანებეთ მითუმეტეს, უარყოფით კონტექტსში, რადგან ამ ადამიანს ქვეყნისთვის დიდი საქმე აქვს გაკეთებული და ეს ყველამ კარგად იცით“, - დასძინა ტყემალაძემ.
NDI-ის კვლევების მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობისთვის „პანორამა თბილისის“ პროექტი მიუღებელია.