საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, აზერბაიჯანული გაზის ჩანაცვლებაზე საუბარი არ მიმდინარეობს. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს აზერბაიჯანში ვიზიტის შეფასებისას განუცხადა.
მისი თქმით, ეს ძალიან ჩვეულებრივი სამუშაო, მეგობრული შეხვედრა იყო პრეზიდენტ ალიევთან.
,,დიდი ხანია არ მქონდა შესაძლებლობა, რომ მენახა პრეზიდენტი ალიევი. რა თქმა უნდა, ჩვენ ვიმსჯელეთ, ქვეყნებს შორის არსებულ ძალიან მჭიდრო მეგობრულ, სტრატეგიულ ურთიერთობების თაობაზე, ასევე ვიმსჯელეთ ჩვენი სტრატეგიული ურთიერთობების გაღრმავების თაობაზე. მე გთხოვთ, რომ ამ საკითხის ირგვლივ სპეკულაციები დასრულდეს, რადგან ეს აზიანებს ზოგადად ჩვენ ქვეყნებს შორის არსებულ ურთიერთობებს. არავითარი გადახედვა არ იგეგმება აზერბაიჯანთან, სტრატეგიული ურთიერთობები იყო, არის და დარჩება ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ჩვენი მთავრობის, ჩვენი სახელმწიფოსი. ჩვენ გვაქვს და გვექნება ძალიან მჭიდრო მეგობრული და სტარეგიული ურთიერთობა აზერბაიჯანთან. როგორ შეიძლება რომ პოლიტიკოსმა იფიქროს აზერბაიჯანთან პოლიტიკის გადახედვაზე, ეს არის სრული აბსურდი. მე გაკვირვებული ვარ, ასეთ აბსურდულ თემებს როგორ იგონებენ ჩვენი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, მაგრამ მე გეტყვით, რომ ჩვენ აზერბაიჯანთან გვაქვს ძალიან მჭიდრო სტრატეგიული ხასიათის ურთიერთობა და მეგობრობა რაც მთავარია. არავითარ დივერსიფიკაციაზე, აზერბაიჯანის გაზის ჩანაცვლებაზე საუბარი არ მიდის, ეს არის სრული აბსურდი, ეს არ შეესაბამება სიმართლეს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა და ყველას მოუწოდა მოსახლეობა შეცდომაში არ შეიყვანონ.
საქართველოს პრემიერის მოწვევით, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჯამ ალიევი საქართველოში ახლო მომავალში ჩამოვა.