"თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი, ალექსი პეტრიაშვილი მიიჩნევს, რომ "გაზპრომთან" პოლიტიკურ-გაზიფიცირებულ თამაშებში შესვლა მთავრობისთვის დამღუპველი იქნება.
მისი თქმით, უმნიშვნელოვანესია უფრო მჭიდრო თანამშრომლობა გაგრძელდეს აზერბაიჯანთან, რომლისგანაც საქართველოს გაზის სტაბილური მოწოდება აქვს.
,,ჩვენ ვაფრთხილებთ ხელისუფლებას, რომ "გაზპრომთან" პოლიტიკურ-გაზიფიცირებულ თამაშებში შესვლა იქნება მათთვის დამღუპველი, ქვეყნისთვის კი - ძალიან სერიოზული საფრთხის მატარებელი. ასევე, ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებისთვის საფრთხის მატარებელი. უმნიშვნელოვანესია, უფრო მჭიდრო ურთიერთობა და თანამშრომლობა გაგრძელდეს ჩვენ პარტნიორ ქვეყანასთან, აზერბაიჯანთან, რომლისგანაც გვაქვს სტაბილური მოწოდება. არის ძალიან კარგი ფასი, ამიტომაც ხელისუფლება რეალურად ცეცხლს ეთამაშება", - განაცხადა პეტრიაშვილმა.
მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრს ახსნა-განმარტებების კეთება პოსტფაქტუმ უწევს.
"დარწმუნებული ვარ, რომ სირიაში განვითარებული მოვლენები არ იქნებოდა ის თემა, რისთვისაც მოუწევდა ჩასვლა ირაკლი ღარიბაშვილს აზერბაიჯანში. სამწუხაროა, პოსტფაქტუმ ახსნა-განმარტებების მისაცემად რომ უწევს ჩასვლა პრემიერ-მინისტრს მეზობლებთან", - აღნიშნა პეტრიაშვილმა პრემიერის აზერბაიჯანში ვიზიტთან დაკავშირებით.