9 მაისიდან თბილისის მე-5 სამკურნალო-პროფილაქტიკური ცენტრი მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებსა და ინვალიდებს უფასო სამედიცინო დახმარებას გაუწევს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" მე-5 სამკურნალო-პროფილაქტიკური ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგი ლეკვეიშვილმა განუცხადა, ისან-სამგორის რაიონში მცხოვრებ ვეტერანებსა და ინვალიდებს უფასო კონსულტაციებსა და ლაბორატორიულ გამოკვლევას ჩაუტარებენ.
"ისან-სამგორის ვეტერანთა საბჭოს ხელმძღვანელმა მოგვმართა წერილით, რომ მათთვის დახმარება გაგვეწია. მან 100-მდე მეორე მსოფლიო ომის მონაწილის სია გადმოგვცა. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ თუ მათ ჩვენი დახმარება დასჭირდებათ, უბნის ექიმის რეკომენდაციის საფუძველზე უფასოდ ჩავუტარებთ როგორც სპეციალისტების კონსულტაციას, ასევე ლაბორატორიულ გამოკვლევას", - აღნიშნა ლეკვეიშვილმა.
მისი თქმით, აღნიშნული პროექტი მე-5 სამკურნალო-პროფილაქტიკური ცენტრის შიდა რესურსებით განხორციელდება.
"ეს ყველაფერი ჩვენი შიდა რესურსებიდან გაკეთდება. თავდაპირველად ამ ადამიანებს უბნის თერაპევტი გასინჯავს და თუ იგი იტყვის, რომ საჭიროა რაიმე სახის გამოკვლევა, ან სხვა მსგავსი ტიპის სამედიცინო დახმარება, უფასოდ მოვემსახურებით. მათთვის 60 წლის შემდეგ უფასო მხოლოდ უბნის თერაპევტის მომსახურებაა, სხვა დანარჩენი სამედიცინო მომსახურება ამ ადამიანებისთვის ფასიანია. ამიტომ გადავწყვიტეთ, ვინც ჩვენთან არის აღრიცხვაზე - ყველა მეორე მსოფლიო ომის ვეტერანსა და ინვალიდს უფასოდ მოვემსახუროთ", - განაცხადა ლეკვეიშვილმა.
ლეკვეიშვილის თქმით, მე-5 სამკურნალო-პროფილაქტიკური ცენტრი ვეტერანებსა და ინვალიდებს აღნიშნული სერვისით სიცოცხლის ბოლომდე მოემსახურება.
მე-5 სამკურნალო-პროფილაქტიკური ცენტრი 2008 წლის 11 იანვარს ჩამოყალიბდა. კომპანია თანამედროვე სამედიცინო აპარატურითაა აღჭურვილი და როგორც კომპანიის მესვეურები აცხადებენ, საზოგადოების სოციალურად დაუცველი ფენის დახმარება მათი ერთ-ერთი პრიორიტეტია.