თეატრისა და კინოს ქართველი მსახიობი კოტე თოლორდავა აშშ-ში, საერთაშორისო კინოფესტივალზე The Diabolique International Film Festival სიკვდილის შემდეგ დააჯილდოვეს.
მან გაიმარჯვა ნომინაციაში „საუკეთესო მსახიობი“, პრიზი მიიღო როლისთვის, რომელიც რეჟისორ ლევან ბახიას ქართულ-ამერიკულ ფსიქოლოგიურ თრილერში ”ნაღმი” შეასრულა.
ფილმში მოქმედება ვითარდება საქართველოში . სამი ამერიკელი ტურისტი: კრისი, დენიელი და ალისია საქართველოში ლაშქრობისას პრობლემის წინაშე აღმოჩნდებიან: კრისი ნაღმზე დაადგამს ფეხს. ოდნავი გამოძრავების შემთხვევაში ნაღმი აფეთქდება, ამიტომ ის გაუმოძრავებლად უნდა იდგეს, მანამ, სანამ დახმარება არ მოვა. დახმარების ნაცვლად კი ტყეში ქართველი მონადირე – ილია გამოჩნდება…
ფილმი საქართველოს კინოთეატრებში 23 ოქტომბრიდან გამოვა.
კოტე თოლორდავა 1979 წლის 13 მაის დაიბადა. ნათამაშები აქვს როლები მარჯანიშვილისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრებში, ასევე თეატრში ათონელზე. განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა ტელესერიალში „ჩემი ცოლის დაქალები“ შესრულებული დიტო შარაშენიძის როლით. 2014 წელს მონაწილეობა მიიღო შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გადაღებულ დოკუმენტურ ფაქტებზე დაფუძნებულ ფილმში „ვინ მოკლა ილია“, სადაც ილია ჭავჭავაძის როლი ითამაშა. მსახიობობის პარალელურად პალიტრა TV-ზე, მეუღლესთან განო მელითაურთან ერთად, მიყავდა გადაცემა „განო და კოტე“.
გარდაიცვალა 2015 წლის 11 აპრილს, დიდ შაბათს, აღდგომის წინა დღეს, მოსკოვში, სადაც ფილმის გადაღებაზე იმყოფებოდა. მსახიობი რუსეთის დედაქალაქში 9 აპრილს გაემგზავრა. ის თბილისში 14 აპრილს უნდა დაბრუნებულიყო. გარდაცვლილი 16 საათზე იპოვეს სასტუმროს ნომერში, სადაც ასევე ნაპოვნი იქნა თეთრი ფხვნილი და ერთჯერადი შპრიცი. ექსპერტიზის თქმით, მსახიობი დილით ადრე გარდაიცვალა. მოგვიანებით ოჯახის წევრებმა და მეგობრებმა გაასაჯაროეს ექსპერტიზის დასკვნა სადაც აღნიშნული იყო, რომ თოლორდავა ინფარქტით გარდაიცვალა და გარდაცვლილის სისხლში ნარკოტიკული ნივთიერებები არ აღმოჩნდა.