ამერიკაში საქართველოს ელჩმა არჩილ გეგეშიძემ პრეზინდეტ გიორგი მარგველაშვილის ბრალდებებზე პირველი კომენტარი გააკეთა. "კურიერთან" საუბარში ელჩი აცხადებს, რომ არსად არის გაწერილი, თუ როგორ უნდა მოიქცეს ელჩი ქვეყანაში ორი უმაღლესი დონის პირის ვიზიტის დროს.
მისივე თქმით, ელჩის ქმედება მთავრობის ხელმძღვანელთან შეთანხმებული იყო.
"ვინაიდან არც კონსტიტუციაში და არც ხსენებულ კანონმდებლობაში არ წერია, როგორი უნდა იყოს ელჩის მოქმედება ისეთ არაორდინალურ ვითარებაში, როდესაც ადგილსამყოფელი ქვეყნის ორ სხვადასხვა ქალაქში ერთდროულად იმყოფება ერთის მხრივ პრემიერმინისტრის ხელმძღვანელობით ოფიციალური დელეგაცია და მეორეს მხრივ, პრეზიდენტი სამუშაო ვიზიტით, ჩემი ნიუ იორკში ყოფნა პრეზიდენტის დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში საქმიანობის გასაგრძელებლად არ ყოფილა კანონმდებლობით განსაზღვრული დიპლომატიური ეტიკეტის უგულებელყოფა და ვიზიტის საპროტოკოლო ნორმების დარღვევა. ოფიციალური დელეგაციის ხელმძღვანელმა ეს იცოდა. პრეზიდენტი თავისი ვიზიტით კმაყოფილი წავიდა ვაშინგტონიდან. მართალი გითხრათ, ცოტა გაკვირვება გამოიწვია ჩემში ასეთმა ტონმა,“ - განაცხადა სატელეფონო საუბარში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ამერიკის შეერთებულ შტატებში არჩილ გეგეშიძემ.
ამერიკაში საქართველოს ელჩის არაკორექტულ ქმედებაზე საქართველოს პრეზინდეტმა გადაცემა "არჩევანში" ისაუბრა. გიორგი მარგველაშვილი ამბობს, რომ ამერიკაში მისი ვიზიტის დროს მას არჩილ გეგეშიძე არც უნახავს და ურჩია საგარეო საქმეთა სამინისტროს - იმ დიპლომატებს, რომლებიც კანონმდებლობას არღვევენ, ეტიკეტის დაცვა მოსთხოვონ.