ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ რექტორის მოადგილის, აკადემიკოს ლევან ალექსიძისა და პროფესორ ქეთევან ხუციშვილის სამეცნიერო რედაქტორობით გამოცემული სახელმძღვანელოს-„ბავშვის უფლებები საერთაშორისო სამართალში (ბავშვის უფლებები მოკლედ და კონტექსტში: ყველაფერი ბავშვთა უფლებების შესახებ)“ პრეზენტაცია გაიმართა.
პუბლიკაცია ქართულ ენაზე თსუ რექტორის ვლადიმერ პაპავას ინიციატივით მოქმედი სახელმძღვანელოების თარგმნის საუნივერსიტეტო პროექტის ფარგლებში გამოიცა და თსუ სტამბაში დაიბეჭდა.
„უნივერსიტეტი აგრძელებს საერთაშორისო დონეზე აღიარებული სახელმძღვანელოების თარგმანის პროგრამას და დღეს ძალიან საინტერესო წიგნის თარგმანის პრეზენტაციას მართავს. ვფიქრობ, ეს სახელმძღვანელო მნიშვნელოვანი შენაძენია ქართველი ახალგაზრდებისთვის და პროფესორებისთვის“- განაცხადა თსუ რექტორმა, აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ.
წიგნის ავტორები არიან ბავშვის უფლებების ცენტრის დამფუძნებელი და დირექტორი(ბელგრადი) ნევენა ვუჩკოვიჩ შაჰოვიჩი, გაეროს ბავშვის უფლებების კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე იააპ ე.დოეკი, ბავშვის უფლებების საერთაშორისო ინსტიტუტის დამფუძნებელი და დირექტორი(შვეიცარია) ჟან ცერმატენი.
სახელმძღვანელო ინგლისურიდან თარგმნილია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის ინიციატივითა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით.
„ეს წიგნი ეხება ბავშვის უფლებებს საერთაშორისო სამართალში. სინამდვილეში ამის შესახებ არავინ არეფერი იცის, განსაკუთრებით მშობლებმა. სახელმძღვანელო უნიკალურია და ბევრი ისეთი რამ წერია, რაზეც არ დაფიქრებულხართ, მაგალითად, რა სამრათლებრივი უფლებები აქვს ბავშვს“,- აღნიშნა თსუ რექტორის მოადგილემ, აკადემიკომა ლევან ალექსიძემ.