ნატოს წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ სამიტზე, რომელიც ტალინში გაიმართა, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ბოსნიისა და ჰერცოგოვინისთვის ალიანსის წევრობის სამოქმედო გეგმის (მაპის) მინიჭების შესახებ.
"მაპი ენიჭება ბოსნიას, მკაცრად გაწერილი პირობებით", _ განაცხადა ნატოს პრესმდივანმა ჯეიმს აპატურაიმ.
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ურმას პაეტი აცხადებს, რომ მაპი საშუალებას აძლევს ბალკანეთის ქვეყნებს, აიღონ კურსი აუცილებლად გასატარებელ რეფორმებზე.
"მაპი პრაქტიკაში არის მეთოდთა პაკეტი, რომელიც განკუთვნილია დემოკრატიული რეფორმების გატარების გზაზე შემდგართათვის, ეს კი, თავის მხრივ, ავტომატურად უზრუნველყოფს ნატოს წევრობის მიღწევას", _ განაცხადა პაეტმა და დასძინა, რომ ნატოს წევრობისკენ მიმავალი მრავალი გზა არსებობს და ამ მიზნის მიღწევა არ არის დამოკიდებული იმაზე, თუ რა სახელი დაერქმევა ამ პროცესს _ "მთავარია, სახელმწიფო-კანდიდატი პასუხობდეს ვაშინგტონის შეთანხმების პირობებს".