3 ოქტომბერს, 15:00 საათზე, ხობის ცენტრში, მე-7 საერთაშორისო ფესტივალის „სიმღერა სამეგრელოზე“ ფარგლებში, გაიმართება ანსამბლ „რუსთავის“ ანთოლოგიის პრეზენტაცია, რომელიც ანსამბლის 16 მუსიკალურ დისკს (380 სიმღერას) აერთიანებს.
ანთოლოგია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით გამოიცა. ფესტივალის ერთ-ერთ მთავარ სტუმარს, ანსამბლ „რუსთავის“ დამფუძნებელსა და ხელმძღვანელს ანზორ ერქომაიშვილს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე ქართული ფოლკლორის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, სამინისტროს სპეციალურ ჯილდოს „ხელოვნების ქურუმს“ გადასცემს.