თბილისის მერმა, "ნაციონალური მოძრაობის" მერობის კანდიდატმა გიგი უგულვამ ოპოზიციის დღევანდელ საპროტესტო აქციას, რომელიც მიზნად პოლიციის აღლუმის ჩაშლას ისახავდა უპასუხისმგებლო გადაწყვეტილება უწოდა.
ამის შესახებ უგულავამ ჟურნალისტებს ოპოზიციის აქციაზე სამართალდამცავებსა და მომიტინგეებს შორის მომხდარი ინციდენტების კომენტირებისას განაცხადა.
"პოლიციელებს პროფესიული დღე ვულოცავ და აქვე მინდა ავღნიშნო, რომ დღეს აღლუმზე იმიტომ არ მივედი, რომ მისი პოლიტიზირება არ მომხდარიყო. რაც შეხებას აღლუმის ჩაშლის მცდელობას, ეს უპასუხისმგებლო გადაწყვეტილება იყო", - განაცხადა უგულავამ.
მისივე თქმით, ნებისმიერ ქვეყანაში ოპოზიცია თავის პოლიციას პატივს სცემს და კანონის უზენაესობა მათთვის პირველ ადგილზეა.
"ნებისმიერ ქვეყანაში ექსტრემიზმი დასჯადია. სამწუხაროდ, საქართველოში ოპოზიციაში, მართალია სულ უფრო ცოტა მაგრამ ასეთი ექსტრემისტები კიდევ რჩებიან", - აღნიშნა თბილისის მერმა.
შეგახსენებთ, რომ ოპოზიცია 6 მაისის, გიორგობის პოლიციის დღედ დაწესება საპროტესტო აქციით აღნიშნა. აქციის დროს სამართალდამცველბსა და მომიტინგეებს შორის დაპირისპირება მოხდა, რის შედეგადაც ორივე მხარეს არიან დაშავებულები.