ივანიშვილისთვის ძალაუფლების შესანარჩუნებლად, მთავარი ბარიერი არის ,,რუსთავი 2” - ამის შესახებ ,,ნაციონალური მოძრაოაბის” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ ტელეკომპანიის გარშემო განვითარებული მოვლენების შეფასებისას განაცხადა.
მისი თქმით, თუ რუსთავი 2-ს საბოლოო ჯამში შეუწყდა შესაძლებლობა, რომ რეალურად და ეფექტურად მოახდინოს საზოგადოების ინფორმირება, ეს იქნება ხელისუფლების არალეგიტიმურობისკენ ძალიან სერიოზული ნაბიჯი.
,,მოტივთან დაკავშირებით ყველაფერი ნათელია - ივანიშვილს ჰყავს გუნდი, რომელიც არის აბსოლუტურად გაკოტრებული. ყველა მიმართულებით აქვს სრული კატასტროფა, ქვეყანაში არის კრიზისი, ყველა დაპირებაში გადაგდებული ჰყავს საკუთარი ამომრჩეველი - ეს ცოდნა გამჯდარია საზოგადოებაში. არანაირი დასაყრდენი არ აქვს, სათქმელიც კი არ აქვს საღი აზრის ფარგლებში. მინიმალური შანსი ძალაუფლების შენარჩუნების მას არ აქვს. ეს აბსოლუტურად გამორიცხულია იმ კატასტროფის ფონზე, რაც ხდება. ამ ვითარებაში ივანიშვილს ასე ესმის, რომ მან უნდა შეინარჩუნოს ძალაუფლება. ამ საქმეში მისი მთავარი ბარიერი არის რუსთავი 2, რომელიც არის ინფორმაციის მთავარი წყარო ჩვენი საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობისთვის; წყარო, რომელსაც ის ვერ აკონტროლებს. ამიტომ სურს ახლა რუსთავი 2-ის ჩახშობა, რომ დარჩეს ხელისუფლებაში, როგორც მან თქვა. მინიმუმ 20 წლით, 2030 აქვს ხომ ნათქვამი? აქ ივანიშვილი უშვებს დიდ შეცდომას, საბედისწეროს მისთვის, მაგრამ სახიფათოს ჩვენი ქვეყნისთვის. თუ ეს ვითარება არ შეიცვალა, თუ რუსთავი 2-ს საბოლოო ჯამში შეუწყდა შესაძლებლობა, რომ რეალურად და ეფექტურად მოახდინოს საზოგადოების ინფორმირება, ეს იქნება ხელისუფლების არალეგიტიმურობისკენ ძალიან სერიოზული ნაბიჯი” - განაცხადა გიგა ბოკერიამ.