ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმ კახა კალაძემ გიორგი არეშიძეს თანამდებობის დატოვებას ურჩია. როგორც მან ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში განაცხადა, გიორგი არეშიძის წინააღმდეგ აგორებული პიარი ნათესავებთან არის დაკავშირებული. კალაძის თქმით, მისი ცოლის ძმის მიმართ ეს კამპანია კიდევ უფრო გამძაფრდება არჩევნების მოახლოებასთან ერთად.
,,ეს არც უკანასკნელი იქნება და არჩევნებს რაც უფრო მივუახლოვდებით, უფრო გამძაფრდება და წამოვა ასეთი სიბინძურეები. გიორგის, მე, როგორც მეგობარს, როგორც ახლო ადამიანს, მივცემდი რჩევას, თანამდებობა დაეტოვებინა. მე მის დანიშვნაში მონაწილეობა არ მიმიღია, მე ამის უფლება არ მქონდა. ამ რჩევას ვაძლევ როგორც მეგობარს. რას ვიზამთ, ასეთი ცუდი ნათესავი ჰყავს გიორგის", - აღნიშნა კალაძემ.
იგი მიიჩნებს, რომ გიორგი არეშიძის მიმართ კამპანია მის წინააღმდეგ არის მიმართული.
"ეს მიზანმიმართული პიარ კამპანია კონკრეტულად ჩემს წინააღმდეგარის მიმართული და არა გიოორგი არეშიძის წინააღმდეგ. მთელი ამ დროის განმავლობაში ვერაფერი მომინახეს ისეთი, რომ რამე აეგორებინათ. იყო საუბარი თითქოს რაღაც ბიზნესს ვფლობდი, თუმცა კონკრეტული ბიზნესი, რომელიც მე გამაჩნია, ეს ღიად მაქვს დაფიქსირებული", - აღნიშნა ვიცე პრემიერმა.
შეგახსენებთ, "სამოქალაქო მონიტორინგის ცენტრი" თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელის გიორგი არეშიძის უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გასაჯაროებას ითხოვს.
ცენტრის ხელმძღვანელის გიორგი ხაბურზანიაა ინფორმაციით, არეშიძეს მერიის ვებგვერდზე მითითებული აქვს განათლების გრაფაში წმ. ნიკოლოზის სახელობის საერთაშორისო ურთიერთობების უნივერსიტეტი, რაც მისი თქმით, საქართველოში არ ფიქსირდება. გიორგი ხაბურზანიას თქმით, განათლების სამინისტროს ხარისხის მართვის ეროვნული ცენტრიდან გამოითხოვეს ინფორმაცია, თუმცა წმინდა ნიკოლოზის სახელობის საერთაშორისო ურთიერთობების უნივერსიტეტის არსებობა არც მათ დაადასტურეს.