გურჯაანის რაიონის სოფელ ჭანდარში წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიას, რომელიც XVI-XVII საუკუნეებით თარიღდება, ჭერი ჩამოექცა. კედლებიც შუაზეა გახსნილი და ინგრევა. სპეციალისტების თქმით, იმ შემთხვევაში თუ ეკლესიას გამაგრებითი სამუშაოები სასწრაფოდ არ ჩაუტარდა, ტაძარი მთლიანად დაინგრევა.
კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, ეკლესიის კედლებზე ხვრელის სიგანე 15 სანტიმეტრს აღწევს. მიუხედავად იმისა, რომ ეკლესია, შესაძლოა, ნებისმიერ დროს დაინგრეს, ადგილობრივი მაცხოვრებლები ტაძარში მაინც ლოცულობენ.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობაში განმარტეს, რომ ეკლესიის არც სარესტავრაციო და არც გამაგრებითი სამუშაოები მათ კომპეტენციაში არ შედის. კულტურული მემკვიდრეობისა და ძეგლთა დაცვის სააგენტოში კი განაცხადეს, რომ მონიტორინგის ჯგუფს ეკლესიის მდგომარეობა ადგილზე აქვს ნანახი, თუმცა რეაბილიტაცია ჯერ არ იგეგმება.